არჩილ მესტვირიშვილი - რეზერვების ადეკვატური დონე აუცილებელია გრძელვადიანი მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის, შესაბამისად, როდესაც ჩვენ ბაზარმა მოგვცა საშუალება, მოვახდინეთ შესყიდვა
არჩილ მესტვირიშვილი - რეზერვების ადეკვატური დონე აუცილებელია გრძელვადიანი მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის, შესაბამისად, როდესაც ჩვენ ბაზარმა მოგვცა საშუალება, მოვახდინეთ შესყიდვა

საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობამ ისტორიულ მაქსიმუმს, 5.130 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ამის მიზეზი ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების აქტიური შეძენა გახდა. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, მხოლოდ პირველ კვარტალში სებ-მა ბაზრიდან 460 მილიონი დოლარი ამოიღო.

საქართველოს პირველი არხის კითხვაზე, რატომ ყიდულობს ცემტრალური ბანკი რეზერვებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა, რომ ეროვნულმა ბანკი რეზერვებს ყიდულობს, რადგან მისი ადეკვატური დონე მნიშვნელოვანია გრძელვადიანი მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის.

„ჩვენი რეზერვები საკმარისზე ქვემოთ იყო. რეზერვების ადეკვატური დონე აუცილებელია გრძელვადიანი მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის. აქედან გამომდინარე, როდესაც ბაზარმა მოგვცა საშუალება, მოვახდინეთ შეძენა. რაც შეეხება მიზეზებს, თუ საიდან იყო ვალუტის შემოდინება, გასულ წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა. აქ გაზრდილი იყო შემოსავლები საერთაშორისო მოგზაურობიდან, რომელიც მოიცავს როგორც ტურისტებს, ასევე მიგრანტების მიერ დახარჯულ თანხებს. ასევე გაზრდილი იყო ფულადი გზავნილები. ექსპორტშიც საკმაოდ კარგი, დაახლოებით 30-პროცენტიანი ზრდა გვქონდა. ამავე დროს იზრდებოდა იმპორტიც, თუმცა ჯამურად შემოსავლებმა გადააჭარბა გადინებებს. რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ რომ არ ჩავრეულიყავით, რა იქნებოდა კურსი, ეს ძნელი სათქმელია, იმიტომ, რომ კურსის გამყარება ასევე იწვევს ნაკადების შემოდინების შენელებას და გადინების გაზრდას, ამიტომ წინასწარ რთულია რამის თქმა. ჩვენთვის მთავარია კურსის გრძელვადიანი სტაბილურობა, ამისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ადეკვატური რეზერვების ქონა და ფასების სტაბილურობა, რომელიც კურსის გრძელვადიან სტაბილურობას ხელს უწყობს“, – განაცხადა მესტვირიშვილმა.