არჩილ მესტვირიშვილი - რეგულაციების გადახედვაზე ვმუშაობთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შერბილდება ან პრინციპები შეიცვლება
საბანკო რეგულაციების გადახედვაზე ვმუშაობთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის შერბილდება ან პრინციპები შეიცვლება, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა.
გადაცემაში ქართულ ბიზნესზე ეროვნული ვალუტის კურსისა და საბანკო რეგულაციების გავლენის საკითხი განიხილეს. მესტვირიშვილის თქმით, ეროვნული ბანკი რეგულაციების გადახედვაზე მუშაობს, ეს არ ნიშნავს, რომ რეგულაციები შერბილდება ან პრინციპები შეიცვლება, თუმცა, მოსალოდნელია, რომ საბანკო რეგულაციები უფრო მოქნილი გახდეს.
„რაც შეეხება რეგულაციებს, ეს ცოცხალი დოკუმენტია და მუდმივად ხდება შეფასება, თუ რამდენად კარგად მუშაობს და ხომ არ სჭირდება გადახედვა. რაც შეეხება გადახედვის პრინციპებს, ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პრინციპები შეიცვლება. ჩვენ საუბარი გვაქვს გამარტივებაზე და არა შერბილებაზე. კერძო სექტორიდან გვაქვს ინფორმაცია, თუ როგორ მუშაობს ეს რეგულაციები პრაქტიკაში. ასევე, ჩვენს ვებგვერდზე ამ რეგულაციებს მოჰყვება რამდენიმეგვერდიანი კითხვა-პასუხი, რადგან კონკრეტული მუხლების მიმართ გარკვეული კითხვები გაჩნდა. ამიტომ ჩვენი რეგულაციების განახლების შემდეგი რაუნდი იქნება ამ კითხვების პრინციპების დონეზე გადმოტანა დოკუმენტში. დოკუმენტი, რომელიც წესებზე იყო დაფუძნებული, გვინდა, პრინციპებზე დაფუძნებულ დოკუმენტად გარდავქმნათ. ჯამურად ეს გამარტივების მიმართულებაა, მაგრამ ამას შერბილებას ნუ დავარქმევთ. შეიძლება, რაღაც მომენტში შერბილდეს, რაღაც მომენტში გამკაცრდეს, მაგრამ მთლიანობაში ეს გამარტივდება, უფრო მოქნილი გახდება და ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ამ რეგულირების პირობებში მეტი ლავირების საშუალება მიეცემათ“, – განმარტა არჩილ მესტვირიშვილმა.