არჩილ მესტვირიშვილი - ლარში იპოთეკური სესხი უკეთესია, ნაკლებ რისკიანია და საბოლოო ჯამში ნაკლები ხარჯი აქვს
არჩილ მესტვირიშვილი - ლარში იპოთეკური სესხი უკეთესია, ნაკლებ რისკიანია და საბოლოო ჯამში ნაკლები ხარჯი აქვს

ლარში იპოთეკური სესხი უკეთესია, ნაკლებ რისკიანია და საბოლოო ჯამში ნაკლები ხარჯი აქვს. სწორედ ეს არის ეროვნული ბანკის სესხების ლარიზაციის პოლიტიკის მიზეზი, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა.

გადაცემაში ქართულ ბიზნესზე ეროვნული ვალუტის კურსის გავლენის საკითხი განიხილეს, რასაც კერძო სექტორი დღეის მდგომარეობით ნომერ პირველ პრობლემად ასახელებს და ინფლაციაზეც უარყოფით გავლენას ახდენს. სწორედ ინფლაციაზე ზეწოლის მოხსნის მიზნით, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა და ამ პოლიტიკის გაგრძელებას აპირებს, ვიდრე ინფლაციაზე რისკი არ მოიხსნება.

გადაცემის თანაწამყვანმა, ილიაუნის ბიზნესსკოლის დეკანმა, გიორგი აბაშიშვილმა სტუმარს შეახსენა, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება [ანუ რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთის ზრდა] უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებს აძვირებს და მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთის მომსახურების ტვირთი გაეზარდათ.

მესტვირიშვილი მოსახლეობას ურჩევს, სესხი ლარში აიღონ.

„რა თქმა უნდა, ვისაც უცხოურ ვალუტაში ჰქონდა სესხი აღებული, სესხი უფრო გაუძვირდა, ვიდრე ლარში აღებული სესხები. გაძვირების მასშტაბი ძალიან განსხვავებულია. ამიტომაც ვამბობთ, რომ უკეთესია, ნაკლებ რისკიანია და საბოლოო ჯამში ნაკლებდანახარჯიანია იპოთეკური სესხი ლარით, ვიდრე უცხოური ვალუტით. აქედან მოდის ლარიზაციის პოლიტიკის ძირითადი მიზეზი. რაც შეეხება რეფინანსირების პროცენტის აწევის გავლენას იპოთეკურ სესხზე, ეს სესხი არის გრძელვადიანი, 5-10-წლიანი და მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდში გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთი იყოს დაბალი. თუ ეროვნული ბანკი თავის დროზე აწევს ან შეამცირებს საპროცენტო განაკვეთს, მთლიანობაში 5 და 10 წლის განმავლობაში გადახდილი სესხის პროცენტი უფრო ნაკლები იქნება. არსებობს ცვალებადი საპროცენტო განაკვეთიანი სესხები, რომელზეც ჩვენი პოლიტიკის ცვლილება მოქმედებს და არსებობს ფიქსირებული განაკვეთის სესხები, რომელიც დაახლოებით 2-3 პროცენტული პუნქტით უფრო მაღალია, ვიდრე ცვალებადი განაკვეთის სესხები. ცვალებადი განაკვეთს სესხებს ცვლილება შეეხება, მაგრამ საბოლოო ჯამში უფრო იაფი იქნება, ვიდრე უცხოურ ვალუტაში“, – განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.