არჩილ მესტვირიშვილი - ეროვნული ბანკის მხრიდან ხდება სანქციების დაცვის მონიტორინგი
სანქციების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია და ამას ძალიან სერიოზულად უდგება ფინანსური სექტორი, ეროვნული ბანკის მხრიდან ხდება ამ სანქციების დაცვის მონიტორინგი, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ მესტვირიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის 2022 წლის ანგარიშის წარადგენისას განაცხადა.
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ეროვნული ბანკი განსაკუთრებით აქტიური იყო გასულ წელს, რადგან ფინანსური სექტორი შეუერთდა ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებს რუსეთისა და ბელარუსის მიმართ. ჩვენ შევქმენით დამატებით განყოფილება სანქციების მონიტორინგის განსახორციელებლად. სანქციების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია და ამას ძალიან სერიოზულად უდგება ფინანსური სექტორი. ეროვნული ბანკის მხრიდან ხდება ამ სანქციების დაცვის მონიტორინგი. ამ კუთხით ასევე მნიშვნელოვანი იყო გასულ წელს მიღებული კანონი ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერებთან დაკავშირებით, სადაც ეროვნულ ბანკს ეძლევა უფლება, ფულის გათეთრების კუთხით მოახდინოს ვირტუალური აქტივების პროვაიდერების მონიტორინგი და ზედამხედველობა, რაც მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან სავალდებულო გახდება“, – განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.