არჩილ მესტვირიშვილი - ჭარბვალიანობის მსგავსი პრობლემები მომავალში აღარ იქნება
ჭარბვალიანობის მსგავსი პრობლემები, რომელთა მოგვარება ახლა ხდება, მომავალში აღარ იქნება, – განუცხადა ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა.
ამის თქმის საფუძველს მას პასუხისმგებლიანი დაკრედიტების მიმართულებით ეროვნული ბანკის მიერ ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები აძლევს.
“ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პოლიტიკა და ამ მიმართულებით რამდენიმე ღონისძიება იგეგმება, მათ შორის პირველი იანვრიდან შევა ძალაში ახალი დებულება პასუხისმგებლიანი დაკრედიტების შესახებ. ეს იმას ნიშნავს, რომ ვისაც გადახდის შესაძლებლობა არ აქვს, მასზე სესხის გაცემა უფრო გართულებული იქნება. სესხის გამცემმა უნდა შეაფასოს პირის გადახდისუნარიანობა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გასცეს სესხი. მსგავსი პრობლემები, რომელთა მოგვარება ახლა ხდება, მომავალში აღარ იქნება”, – აღნიშნა მესტვირიშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს განაცხადა, რომ საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ საფინანსო ინსტიტუტებისადმი მოქალაქეთა დავალიანების განულების ინიციატივა ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდება.