უხანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია უახლოეს პერიოდში იგეგმება
უხანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია უახლოეს პერიოდში იგეგმება, – ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, არჩილ კალანდიამ განაცხადა.
„უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ ჩვენი მოქალაქეების ევაკუირებას ქალაქ უხანიდან. აქ არ იგულისხმება სხვა რეგიონები. ვგეგმავთ ჩვენი მოქალაქეების ევაკუაციას ადგილიდან, რომელიც არის ეპიდემიის წყარო. მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე პარტნიორ სახელმწიფოსთან, მათ შორის თურქეთთანაც. რომელ ქვეყანასთანაც შევთანხმდებით გადაყვანის მექანიზმებზე და სხვა დეტალებზე, ევაკუაცია მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ჩინეთის ხელისუფლების მოთხოვნების დაცვით მოხდება“, – განაცხადა კალანდიამ.
ელჩი ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს უხანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში ჩამოიყვანენ თუ საკარანტინო პერიოდს სხვა ქვეყანაში გაივლიან.
„მოხდება თუ არა მათი ჩაყვანა საქართველოში, ჯერ ვერ დაგიდასტურებთ ამ ინფორმაციას. ამ ეტაპზე საუბარია ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოსთან, მათ შორის ერთ-ერთია თურქეთი. რაც შეეხება მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას, ისინი ჯანმრთელად არიან“ ,- აღნიშნა არჩილ კალანდიამ.
ქალაქ უხანაში საქართველოს ხუთი მოქალაქე იმყოფება.