არჩილ გორდულაძე - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამართლებრივად უნდა აგოს პასუხი იმ მოღალატეობრივი საქმიანობებისთვის, რომლებსაც 2004-2012 წლებში, ასევე 2012 წლის შემდეგაც აგრძელებენ
ჩვენმა გუნდმა როგორც სტრასბურგში, ისე ჰააგაში ჩვენი გმირი ჯარისკაცები დავიცავით, ჩვენი პოლიციელები დავიცავით, რომ არცერთი კითხვა არ არსებულიყო მათ მიერ რაიმე ჩადენილ დანაშაულთან, უფლებების დარღვევასთანაც კი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამართლებრივად პასუხი უნდა აგოს იმ მოღალატეობრივი საქმიანობებისთვის, რომლებსაც 2004-2012 წლებში ეწეოდნენ და 2012 წლის შემდეგაც აგრძელებენ.
„ადამიანები, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენენ, ყოველთვის ცდილობენ, როგორმე თავი გაიმართლონ და ჩამოირეცხონ ის ღალატი, რომელიც განახორციელეს როგორც 2008 წელს, ასევე 2008 წლის შემდეგ და მანამდე პერიოდშიც. მათ რა განცხადებებიც არ უნდა გააკეთონ, რაც არ უნდა მოიშველიონ, რომ, მაგალითად, თითქოს ოკუპანტი ნახსენები იყო 1633 რეზოლუციაში და ამიტომ დაუჭირეს მხარი ამ რეზოლუციას, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამავე რეზოლუციაში მითითებული იყო პირდაპირ, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს ქართველმა სამხედროებმა განახორციელეს პირველი შეტევა და რუსეთის ქმედებები იყო ამის საპასუხო. ამავე რეზოლუციაში, კონკრეტულად, მე-11 პუნქტში მითითებული იყო, რომ გამოსაძიებელი არის ქართველი სამხედროების ომის დანაშაულები და, აი, ამ რეზოლუციას დაუჭირეს მხარი და, მათ შორის, სწორედ აქ არის მათი ღალატი. ჩვენმა გუნდმა შეძლო, რომ როგორც სტრასბურგში, ისე ჰააგაში ჩვენი გმირი ჯარისკაცები დავიცავით, ჩვენი პოლიციელები დავიცავით, რომ არცერთი კითხვა არ არსებულიყო მათ მიერ რაიმე ჩადენილ დანაშაულთან, უფლებების დარღვევასთანაც კი. „ნაციონალური მოძრაობის“ ჯერი დადგა, პასუხი უნდა აგონ სამართლებრივად საზოგადოების წინაშე იმ მოღალატეობრივ საქმიანობებთან დაკავშირებით, რომლებსაც ახორციელებდნენ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვთქვათ, 2004-2012 წლებში და 2012 წლის შემდეგ კვლავ აგრძელებენ ამ ქვეყნის ღალატს და ჩვენი ქვეყნის საზიანო გადაწყვეტილებების მიღებას თუ ქმედებების განხორციელებას“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
არჩილ გორდულაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ახსენებს 2006 წლის გაერო-ს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებას და რეზოლუციას, სადაც უშიშროების საბჭო შეშფოთებას გამოთქვამს კოდორის ხეობაში სამხედროებისა და სამხედრო ტექნიკის შეყვანასთან დაკავშირებით.
„ესეც, მათ შორის, ერთ-ერთი მოღალატეობრივი საქმეა, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განახორციელა და მოდი, ჯერ ამ რეზოლუციას უპასუხონ, მერე დაიწყონ ცრუ კამპანიები და ტყუილების შეთხზვა ისევ და ისევ, რომ თავიანთი დანაშაულები როგორმე ჩამოირეცხონ. რა თქმა უნდა, ეს არ გაუვათ, ისინი იძულებულები გახდებიან, 26 ოქტომბრის შემდეგ საზოგადოების წინაშე წარდგნენ და გასცენ ყველა კითხვას პასუხი“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.