არჩილ გორდულაძე - მისასალმებელია, რომ ეუთო/ოდირის ანგარიშში მოხვდა „ნაცმოძრაობის“ აქტივისტის თავდასხმის შედეგად „ქართული ოცნების“ წევრის გარდაცვალების ფაქტი
მისასალმებელია, რომ ეუთო/ოდირის ანგარიშში მოხვდა „ნაცმოძრაობის“ აქტივისტის თავდასხმის შედეგად „ქართული ოცნების“ წევრის, ერმილე გიგიაძის გარდაცვალების ფაქტი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც საქართველოში წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის შუალედურ ანგარიშს გამოეხმაურა.
გორდულაძის თქმით, „მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ დაინახოს ცივილურობის ნიღაბს ამოფარებული ოპოზიციის რეალური სახე“.
„აგრეთვე მისასალმებელია, ანგარიშში აისახა ის ფაქტი, რომ როგორც ოპოზიცია, ისე ე.წ. ადგილობრივი დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციები არ ესწრებიან უწყებათაშორის საკოორდინაციო კომისიის სხდომებს. ჩვენ ოდირის წარმომადგენლებს აგრეთვე მივაწოდეთ დამატებითი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ ხელი არ მოაწერა ცესკო-ს მიერ შემუშავებულ ეთიკის კოდექსს. იმედია, ეს საკითხიც აისახება შემდგომ ანგარიშში. მისასალმებელია, რომ მისიამ თავის ანგარიშში ხაზი გაუსვა იმ წუხილებს, რომლებიც არსებობს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების პოლიტიკურ მიზნებთან დაკავშირებით. ჩვენ მისიას მივაწოდეთ მტკიცებულებები სადამკვირვებლო ორგანიზაციების ნაწილის პარტიული კავშირების და პოლიტიკური მიზნების შესახებ. იმედი გვაქვს, შემდგომ ანგარიშში ეს დეტალებიც სათანადოდ აისახება“, – აღნიშნა გორდულაძემ.