მისასალმებელია ეუთო/ოდირის შეფასება საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც საქართველოში წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის შუალედურ ანგარიშს გამოეხმაურა.
როგორც გორდულაძემ აღნიშნა, ეუთო/ოდირი მიესალმება ცესკო-ს მხრიდან გატარებულ ღონისძიებებს, რასაც, გორდულაძის თქმით, ასევე იზიარებს მმართველი გუნდი.
„გამოქვეყნდა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიის შუალედური ანგარიში 26 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. აღნიშნული შუალედური ანგარიში მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიც არის სამართლებრივი ჩარჩო და საარჩევნო სისტემა, საარჩევნო ადმინისტრაცია, საარჩევნო ტექნოლოგიები, ამომრჩეველთა და კანდიდატთა უფლებები და რეგისტრაცია, საარჩევნო გარემო და დაფინანსება, მედია გარემო, საარჩევნო დავების მოგვარება, არჩევნების მონიტორინგი და სხვა.
მისასალმებელია ეუთო/ოდირის შეფასება საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით. საზოგადოებაც ხედავს, რომ წინასაარჩევნო კამპანია უპრეცედენტოდ მშვიდ და თავისუფალ, ყოველგვარი ექსცესების გარეშე მიმდინარეობს, თუ არსებითი დარღვევების გარეშე, კონკურენტულ გარემოში ხორციელდება. დარღვევებს კი მხოლოდ იზოლირებული ინციდენტის სახე აქვს. ის ფაქტი, რომ წინასაარჩევნო პროცესი თავისუფალია ძალადობის, მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენების და სხვა სისტემური ხასიათის მანიპულაციებისგან, უპირველესად ჩვენი ხელისუფლების მტკიცე ნების და ჩვენ მიერ გატარებული რეფორმების შედეგია. ეუთო-ოდირი ხაზს უსვამს, რომ ცესკო ყოველგვარი ვადის დაცვით, ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიების წარმოებით მართავს პროცესს. ოდირი მიესალმება ცესკო-ს მხრიდან გატარებულ ღონისძიებებს, რომლებიც ემსახურება ამომრჩევლების ინფორმირებას, ახალი ტექნოლოგიების გამოყენების გამარტივებას და მათ ეფექტიან გამოყენებას. ჩვენც სრულად ვიზიარებთ ცესკო-ს პროფესიონალიზმსა და ინსტიტუციურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით გამოთქმულ პოზიტიურ შეფასებებს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
გორდულაძის თქმით, ასევე მისასალმებელია, რომ ანგარიში ასახავს დადებით პროგრესს, რომელიც, მათ შორის, საარჩევნო სიას, კანდიდატების უფლებებს ეხება.
„მისასალმებელია, რომ შუალედური ანგარიში ასახავს იმ დადებით პროგრესს სამართლებრივი თუ პრაქტიკული განვითარებებისა, რაც ეხება საარჩევნო სიას, საარჩევნო დავების მოგვარებას, ამომრჩევლების და კანდიდატების უფლებებსა და რეგისტრაციას“, – განაცხადა გორდულაძემ.
არჩილ გორდულაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ოდირის სადამკვირვებლო მისიას დეტალური ინფორმაცია გადასცეს „ოპოზიციის პარტიულ არხებთან დაკავშირებით, რომ ისინი მიზანმიმართულად, ბლოკავენ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპებს“. გორდულაძის თქმით, სამწუხაროა, რომ ანგარიშში ეს არ შეფასებულა, თუმცა იმედოვნებს, მომდევნო ანგარიშში სათანადოდ იქნება აღნიშნული.
„შუალედურ ანგარიშში აგრეთვე აღნიშნულია, რომ მედიაგარემო საქართველოში არის მრავალფეროვანი, მაგრამ პოლარიზებული. მოგეხსენებათ, ოპოზიციის პარტიული არხები მიზანმიმართულად, ყოველგვარი სამართლებრივი არგუმენტების გარეშე ბლოკავენ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპებს, რითაც აღნიშნული არხები არღვევენ საქართველოს კანონმდებლობას და წინასაარჩევნო პერიოდში ქმნიან დისკრიმინაციულ, უთანასწორო მედიაგარემოს, რის შედეგადაც „ქართულმა ოცნებამ“ ჯამში უკვე ხუთ საათზე მეტი სარეკლამო დრო დაკარგა და გამოუსწორებელი ზიანი მოგვადგა. ჩვენ ოდირის სადამკვირვებლო მისიას გადავეცით აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია, რომელიც, სამწუხაროდ, შუალედურ ანგარიშში არ შეფასებულა, მაგრამ იმედია, შემდეგ ანგარიშში სათანადოდ იქნება აღნიშნულიც და შეფასებულიც“, – განაცხადა გორდულაძემ.
გორდულაძის თქმით, მისასალმებელია, რომ ანგარიშში მოხვდა წყალტუბოში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის თავდასხმის შედეგად „ქართული ოცნების“ წევრის, ერმილე გიგიაძის გარდაცვალების ფაქტი.
„მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ კარგად დაინახოს ცივილურობის ნიღაბს ამოფარებული ოპოზიციის რეალური სახე. აგრეთვე მისასალმებელია, რომ ანგარიშში აისახა ის ფაქტი, რომ როგორც ოპოზიცია, ისე ე.წ. ადგილობრივი დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციები არ ესწრებიან უწყებათაშორის საკოორდინაციო კომისიის სხდომებს. ოდირის წარმომადგენლებს აგრეთვე მივაწოდეთ დამატებითი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ ხელი არ მოაწერა ცესკო-ს მიერ შემუშავებულ ეთიკის კოდექსს. იმედია, ეს საკითხიც აისახება შემდგომ ანგარიშში.
როგორც არჩილ გორდულაძემ განაცხადა, ასევე მისასალმებელია, რომ მისიამ ანგარიშში ხაზი გაუსვა იმ წუხილს, რომელიც არსებობს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების პოლიტიკურ მიზნებთან დაკავშირებით.
„ჩვენ მისიას მივაწოდეთ მტკიცებულებები სადამკვირვებლო ორგანიზაციების ნაწილის პარტიული კავშირების და პოლიტიკური მიზნების შესახებ. იმედი გვაქვს, შემდეგ ანგარიშში ეს დეტალებიც სათანადოდ აისახება“, – განაცხადა გორდულაძემ.
ამასთან, არჩილ გორდულაძემ მადლობა გადაუხადა ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს ამ ეტაპზე გაწეული საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ მათთან მჭიდრო კომუნიკაცია გაგრძელდება.
„მადლობას ვუხდით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროს. ყველა იმ უწყებას, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება არჩევნების მშვიდად, თავისუფლად და პროფესიონალურად ჩატარების საკითხს. მადლობას ვუხდით ასევე ეუთო-ოდირის წარმომადგენლებს ამ ეტაპზე გაწეული საქმიანობისთვის და ვაგრძელებთ მათთან მჭიდრო კომუნიკაციას, რათა საბოლოო ანგარიშში მოცემული შეფასებები ეფუძნებოდეს მხოლოდ ფაქტებს და არა დაინტერესებული მხარეების უსაფუძვლო ბრალდებებს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მოუწოდა არჩევნების ყველა მონაწილეს, მაქსიმალურად თავი შეიკავონ საარჩევნო პროცესის ხელოვნურად დისკრედიტაციისგან.
„ეს არჩევნები მიმდინარეობს უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე და, ფაქტობრივად, ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია წარიმართება გარედან, რაც ყოვლად ანომალიური და მიუღებელია. აღნიშნულთან დაკავშირებით ოდირის წარმომადგენლებს გადავეცით კონკრეტული ფაქტები, მტკიცებულებები და იმედი გვაქვს, საბოლოო ანგარიშში სათანადოდ აისახება ეს დარღვევები. ნებისმიერ შემთხვევაში, დღეს საზოგადოება არჩევნებს ხვდება ბევრად მომზადებული და უკეთ ინფორმირებული, რომ 2020 წლის არჩევნებზე ნაცადი სცენარები აღარ განმეორდეს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ხელისუფლების უმთავრესი მიზანია საქართველოში არჩევნების საერთაშორისო დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩატარება. მოვუწოდებთ არჩევნების ყველა მონაწილეს, დამკვირვებელს თუ სხვა დაინტერესებულ მხარეს შინ და გარეთ, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ საარჩევნო პროცესის ხელოვნურად დისკრედიტაციისგან, ითანამშრომლონ პასუხისმგებელ უწყებებთან და ხელი შეუწყონ არჩევნების გამჭვირვალედ და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას“, – განაცხადა გორდულაძემ.