არჩილ გორდულაძე - მადლობას ვუხდით ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს, ვაგრძელებთ მჭიდრო კომუნიკაციას, რათა საბოლოო ანგარიშში შეფასებები ეფუძნებოდეს მხოლოდ ფაქტებს და არა უსაფუძვლო ბრალდებებს
მადლობას ვუხდით ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს, ვაგრძელებთ მჭიდრო კომუნიკაციას, რათა საბოლოო ანგარიშში შეფასებები ეფუძნებოდეს მხოლოდ ფაქტებს და არა დაინტერესებული მხარეების უსაფუძვლო ბრალდებებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც საქართველოში წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის შუალედურ ანგარიშს გამოეხმაურა.
გორდულაძის თქმით, ხელისუფლების მიზანია საქართველოში არჩევნების საერთაშორისო დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩატარება.
„მადლობას ვუხდით ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს ამ ეტაპზე გაწეული საქმიანობისთვის და ვაგრძელებთ მათთან მჭიდრო კომუნიკაციას, რათა საბოლოო ანგარიშში მოცემული შეფასებები ეფუძნებოდეს მხოლოდ ფაქტებს და არა დაინტერესებული მხარეების უსაფუძვლო ბრალდებებს. ეს არჩევნები მიმდინარეობს უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე და, ფაქტობრივად, ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია წარიმართება გარედან, რაც ყოვლად ანომალიური და მიუღებელია. აღნიშნულთან დაკავშირებით ოდირის წარმომადგენლებს გადავეცით კონკრეტული ფაქტები და მტკიცებულებები, იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ანგარიშში საბოლოოდ აისახება ეს დარღვევები. ნებისმიერ შემთხვევაში, დღეს საზოგადოება არჩევნებს ხვდება ბევრად მომზადებული და უკეთ ინფორმირებული იმისთვის, რომ 2020 წლის არჩევნებზე ნაცადი სცენარები აღარ განმეორდეს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ხელისუფლების უმთავრესი მიზანია საქართველოში არჩევნების საერთაშორისო დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩატარება. მოვუწოდებთ არჩევნების ყველა მონაწილეს, დამკვირვებელს თუ სხვა დაინტერესებულ მხარეს შინ და გარეთ, მაქსიმალურად თავი შეიკავონ საარჩევნო პროცესის ხელოვნურად დისკრედიტაციისგან, ითანამშრომლონ პასუხისმგებელ უწყებებთან და ხელი შეუწყონ არჩევნების გამჭვირვალედ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.