არჩილ გორდულაძე - გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი, დარჩო ხეჩუაშვილი რა მიზნით იყო შემოსული, ანალოგიური გზით, არაჟნების ხელმწიფე სააკაშვილი გამოგვეცხადა, ესეც წინასაარჩევნო პერიოდში მოხდა
ანალოგიური გზით არაჟნების ხელმწიფე მიხეილ სააკაშვილი საქართველოში გამოგვეცხადა. ესეც წინასაარჩევნო პერიოდში მოხდა. ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს ორკესტრირებულ და ორგანიზებულ მოქმედებებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულ დარჩო ხეჩუაშვილზე დასმული კითხვის პასუხად ჟურნალისტებს განუცხადა.
გორდულაძის თქმით, საინტერესოა ისიც, რომ აფეთქებაც ზუსტად წინასაარჩევნოდ მოხდა.
„რა თქმა უნდა, კითხვებს პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს, ეს ადამიანი რა მიზნით იყო შემოსული და რომელი ქვეყნიდან. ეს ყველაფერი საეჭვოა, როცა არჩევნებამდე დარჩენილია ერთ თვეზე ცოტა მეტი“, – აღნიშნა გორდულაძემ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2016 წელს გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე ძებნილი დარჩო ხეჩუაშვილი თურქეთ-საქართველოს საზღვარზე დააკავა. ის თურქეთის რესპუბლიკიდან შემოდიოდა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ე.წ. მწვანე ზოლის საშუალებით გადმოკვეთა.