„ტოიოტა ქამრიში“ მყოფ პირებს საზოგადოებამ და გიორგი შაქარაშვილის ბიძამ დაუმძიმა ბრალდება, ვინაიდან ჯერ კიდევ ერთი თვის წინ არათუ ბრალდებულებად, არამედ მსჯავრდებულებად აქციეს, – ამის შესახებ არჩილ გაგნიძის ადვოკატმა, ვასილ მამულაშვილმა განაცხადა.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ბრალის დამძიმების გადაწყვეტილება არასწორია.
„მოლოდინი, რომ ბრალდება სხვანაირად მოიქცეოდა, არ გვქონია. ჩვენ ვნახეთ რაღაც მონათხრობები, ვარაუდები, რომლებიც არაერთხელ მოვისმინეთ მირიან ნიკოლაძისგან, მისი საუბარი გადაიტანა პროკურატურამ და პირის ბრალდების შესახებ დადგენილება გამოსცა. თუმცა ეს არაფერს არ ნიშნავს, პირი დამნაშავედ ცნობილი ხდება მას შემდეგ, რაც სასამართლო გამოიტანს გამამტყუნებელ განაჩენს და ეს გადაწყვეტილება არის არასწორი. ამას უარყოფითი ეფექტი ექნება როგორც პროკურატურისთვის, ასევე დაზარალებულისთვის, ვინაიდან დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ სასამართლოში დადგება გამამართლებელი განაჩენი“, – აღნიშნა მამულაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო. გამოძიებით დადგინდა, რომ სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც გარდაიცვალა.