არჩილ გაჩეჩილაძე - ლარის კურსის სავალუტო კალათასთან მიბმას ის შედეგი არ მოჰყვება, რაც ერთი შეხედვით ჩანს
არჩილ გაჩეჩილაძე - ლარის კურსის სავალუტო კალათასთან მიბმას ის შედეგი არ მოჰყვება, რაც ერთი შეხედვით ჩანს

ლარის კურისის მიბმა მხოლოდ დოლართან არალოგიკურია, სავალუტო კალათასთან მიბმას კი, ის შედეგი არ მოჰყვება, რასაც ერთი შეხედვით ველოდებით, – ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში განიხილეს გუშინ ბიზნესის წარმომადგენლებისა და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის შეხვედრაზე გამოთქმული მოსაზრება, რომლის მიხედვითაც საქართველოს ტიპის განვითარებადმა ეკონომიკამ უმჯობესია, აქცენტი ეროვნული ვალუტის სტაბილურობაზე გააკეთოს, ვიდრე ინფლაციაზე.

გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ ეროვნულ ბანკს სწორი მონეტარული პოლიტიკა აქვს შერჩეული, რადგან უცხოურ ვალუტაზე მიბმული ე.წ. ფიქისრებული კურსი არ გაამართლებს.

„სავალუტო კურსთან მიმართებით ორი ძირითადი თეორია არსებობს – ერთია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლი და საქართველომ ეს კურსი აირჩია, მეორეა კურისის დაფიქსირება ე.წ. შეწონილი კურსის კალათასთან, რომელშიც სავაჭრო პარტნიორების ვალუტები იქნება ასახული. ვალუტის კურსზე საუბრისას რატომღაც ყველა დოლარის კურსს გულისხმობს. ფიქსირებას მარტო დოლართან ვერ გააკეთებ, ალოგიკური იქნება და კრიზისის შემთხვევაში, შეიძლება, ამას ძალიან ცუდი შედეგი მოჰყვეს. თუ ფიქსირება მოხდება, უნდა მოხდეს სავალუტო კალათასთან, რომელშიც შევა თურქული ლირა, რუსული რუბლი, ვისთანაც ვვაჭრობთ იმ ქვეყნების ვალუტები. ამ შემთხვევაში, დაახლოებით იგივე მერყეობა გვექნება, რაც დღეს არის, ამ კალათაში ასახული ვალუტების კურსის დოლართან მერყეობიდან გამომდინარე. მაშინ ისმის კითხვა, რატომ არ ვაფიქსირებთ კურსს დოლართან. ასეთ შემთხვევაში, ევრო-დოლარის კურსის მერყეობის შემთხვევაში, შეიძლება, ჩვენი სავაჭრო კონკურენტუნარიანობა თურქეთთან და ევროპასთან მიმართებით იმდენად მერყევი გახდეს, რომ 10-15-20 პროცენტი შეადგინოს. ასეთმა მერყეობამ შეიძლება, დაანგრიოს ბიზნესი. აქედან გამომდინარე, დოლართან კურსის მიბმა არარეალურია, ხოლო კალათასთან მიბმას ის შედეგი არ მოჰყვება, რასაც შეიძლება, ერთი შეხედვით კურსის ფიქსაციისგან ველოდებით“, – განმარტა არჩილ გაჩეჩილაძემ „ბიზნესპარტნიორში“.