არჩილ გაჩეჩილაძე - ლარის კურსი უფრო მეტად არის დასუსტებული, ვიდრე ამას საგარეო ფაქტორები იწვევს
საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსი იმაზე მეტად არის დასუსტებული, ვიდრე საგარეო ფაქტორებს უნდა გამოეწვია, – ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, ლარის კურსის ვარდნა ძირითადად მაინც საგარეო ფაქტორებზეა დამოკიდებული.
„თურქეთის გავლენა საკმაოდ დიდია. თუმცა „გალთ ენდ თაგართის“ ეკონომისტების მოლოდინის მიხედვით, საგარეო ფაქტორები უკვე სრულად არის ასახული კურსში და ის ოდნავ უფრო მეტად არის დასუსტებული. ასე რომ, მოლოდინების ნაწილში შეიძლება, კორექტირება შევიდეს“, – განმარტა გაჩეჩილაძემ.
„საქართველოს ბანკის“ ხელმძღვანელი ლარის კურსთან დაკავშირებით ეთანხმება სავალუტო ფონდის მისიის შეფასებას, რომ მაკროეკონომიკური მაჩვენებლები არის ნორმის ფარგლებში და საშუალოვადიან პერსპექტივაში კურსზე გავლენას სავარაუდოდ არ მოახდენს.
„ლარის დასუსტების ფონზე ვხედავთ, რომ საექსპორტო შემოსავლები საკმაოდ მყარია, ტურიზმიდანაც ამ სეზონზე შემოსავლების შემოდინებას ველოდებით. ეს სავალუტო შემოსავლები ქვეყნისთვის ძალიან კარგია – ლარი გამყარდება ან სავალუტო რეზერვები გაიზრდება. გრძელვადიან პერსპექტივაში ერთი მოხდება თუ მეორე, ქვეყნისთვის ორივე დადებითია “, – განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ „ბიზნესპარტნიორში“.