არჩილ ჩიქოვანი აცხადებს, რომ აჭარის გზების დეპარტამენტი „ნაციონალური მოძრაობის“ სამიზნე მისი წარმატებული საქმიანობის გამო გახდა
„ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებას, 2016-2017 წლებში აჭარის გზების დეპარტამენტის მიერ ორ მილიონამდე ლარის გაფლანგვის შესახებ, დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი და ამჟამად აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი არჩილ ჩიქოვანი პასუხობს. ინფორმაცია და ვიდეოკომენტარი აჭარის მთავრობამ გაავრცელა.
არჩილ ჩიქოვანი ოპონენტების გაღიზიანებას მთავრობის წარმატებულ საქმიანობას უკავშირებს და აცხადებს, რომ აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი „ნაციონალური მოძრაობის“ სამიზნე, სწორედ ბოლო წლებში განხორციელებული უპრეცედენტოდ მასშტაბური პროექტების გამო გახდა. მისი თქმით, წარმატებული პროექტების ფონზე, უწყების დისკრედიტაცია ოპონენტების დღის წესრიგია.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, მისი საქმიანობის პერიოდთან დაკავშირებით, ნებისმიერ კითხვაზე აქვს პასუხი. არჩილ ჩიქოვანი აცხადებს, რომ ხელისუფლება კორუფციასთან ბრძოლაში უკომპრომისოა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რეზო ხარაზმა აჭარის საგზაო დეპარტამენტის საქმიანობაში დარღვევებზე ინფორმაცია დღეს გაავრცელა.