არჩევნებთან დაკავშირებით საპატრიარქოს პოზიციაზე დასმული კითხვა სალომე ზურაბიშვილმა უპასუხოდ დატოვა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში პრესკონფერენცია გამართა, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა მედიის წარმომადგენელთა კითხვებს უპასუხა, თუმცა რამდენიმე თემაზე კითხვები უპასუხოდ დატოვა.
კერძოდ, სალომე ზურაბიშვილმა პასუხის გარეშე დატოვა კითხვები, რომლებიც შეეხებოდა არჩევნებთან დაკავშირებით საპატრიარქოს პოზიციას, არჩევნების დღეს პრეზიდენტის სასახლეში საკოორდინაციო პლატფორმის შექმნასა და სააკაშვილის შეწყალების საკითხს:
„რამდენიმე დღის წინ საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც პირდაპირ წერია: „მართლმადიდებელი ეკლესია იქნება მხარდამჭერი ისეთი არჩევნების, რომელიც საქართველოს მოუტანს ხანგრძლივ მშვიდობას, საზოგადოებაში იმ ღირებულებების განმტკიცებას, რომლებიც ქრისტიანული და ოჯახური ტრადიციების გამყარებას შეუწყობს ხელს“. ამ განცხადებით საპატრიარქომ, ფაქტობრივად, „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი;
რამდენიმე ხნის წინ განაცხადეთ, რომ 26 ოქტომბერს, არჩევნების დღეს პრეზიდენტის სასახლეში მოაწყობდით ეგრეთ წოდებულ შტაბს, მონიტორინგს გაუწევდით არჩევნებს და გამარჯვებას აღნიშნავთ. იმ შემთხვევაში, თუ გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, რას იზეიმებთ ოპოზიციასთან ერთად?
ჩვენს კოლეგას შენიშვნა მიეცით, არ გესმით დემოკრატია, დემოკრატია არის ის, რომ კომპრომისზე წახვიდეთო. თქვენ, საქართველოს პრეზიდენტს, თუ გესმით დემოკრატია, რატომ არ წახვედით კომპრომისზე და არ შეიწყალეთ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი?“
ჟურნალისტის მიერ კითხვის დასრულების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა მას მიმართა: „მეხუთე კითხვა თუ იქნება, იმას ვუპასუხებ“.