არჩევნების მეორე ტურის თარიღი ცესკო-მ 17 ნოემბრამდე უნდა დაასახელოს
საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 17 ნოემბრამდე უნდა დაასახელოს.
საარჩევნო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, არჩევნების მეორე ტური ინიშნება პირველი ტურის შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე.
საარჩევნო კალენდრის მიხედვით, 8 ნოემბერი, ხუთშაბათი არის ბოლო ვადა, როდესაც საოლქო საარჩევნო კომისიები საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე აჯამებენ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, ადგენენ საარჩევნო ოლქებში გამართული კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს, რომელსაც არაუგვიანეს მომდევნო დღისა, გადასცემენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
17 ნოემბერი არის ბოლო ვადა ცესკო-სთვის, რათა თავის სხდომაზე შეაჯამოს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, საარჩევნო ოლქების მიხედვით და გააფორმოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი.
ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს თავის ვებგვერდზე აქვეყნებს და გადასცემს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“, რომელიც ოქმს ორი დღის ვადაში აქვეყნებს.