არჩევნები 2024 - საქართველოს პირველი არხი
არჩევნები 2024 - საქართველოს პირველი არხი

„დემოკრატია ვერ ფუნქციონირებს თავისუფალი და ღია დებატების, დამოუკიდებელი ხმების, აზრთა და წყაროთა პლურალიზმის გარეშე. აზრიანი დიალოგი საჭიროებს კარგად ინფორმირებულ მოქალაქეებს. დამოუკიდებელ საზოგადოებრივ მედიას შეუძლია, შესაძლებლობა მისცეს დემოკრატიულ საზოგადოებებს, გამართოს ამგვარი დიალოგი“.

ევროსაბჭოსა და ევროპის მაუწყებელთა კავშირის ერთობლივი კონფერენცია „საზოგადოებრივი მედია დემოკრატიისთვის“ (22.11.2022)

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მიუკერძოებელი გაშუქების, საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შეთავაზებისა და საზოგადოების მიერ  ინფორმირებული არჩევანის გაკეთების ხელშეწყობის მიზნით,  საზოგადოებრივი მაუწყებელი 2024 წლის 28 აგვისტოდან წინასაარჩევნო ეთერს იწყებს.

პირველი არხი წინასაარჩევნო ეთერის ფარგლებში საზოგადოებას შესთავაზებს მაღალი მედიასტანდარტით შექმნილ  ფორმატებს, რაც უზრუნველყოფს ამომრჩევლის მაქსიმალურ ინფორმირებას.

დებატები 2024

საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ქვეყანაში ერთადერთი მედიასაშუალება, რომელიც წინასაარჩევნო დებატებს მართავს და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს დებატებს სთავაზობს.

დებატებში მონაწილეობისთვის სპიკერებს  განსაზღვრავენ თავად საარჩევნო სუბიექტები. დებატები უზრუნველყოფილი იქნება სურდოთარგმანით, ეთერის პარალელურად გადაიცემა საქართველოს რადიოს ეთერით, საქართველოს პირველი არხი ასევე უზრუნველყოფს დებატების თარგმნას აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.

პირველი არხი პასუხისმგებლობას იღებს, რომ დებატები ჩატარდება საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, მიუკერძოებელ გარემოში, სადაც კანდიდატებს საშუალება ექნებათ, ამომრჩეველს საკუთარი პოზიცია თანაბარ პირობებში გააცნონ.

ვებპორტალი

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, პირველი არხი ქმნის სპეციალურ ვებპორტალს „არჩევნები2024“ https://elections.1tv.ge/, რომელზეც განთავსდება წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნებთან დაკავშირებული ახალი ამბები. პორტალი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში სისტემატურად განახლდება.

მოამბე“

„მოამბის“ 10:00, 12:00, 15:00, 18:00, 21:00-საათიან გამოშვებებში გაშუქდება საარჩევნო პერიოდის განმავლობაში საარჩევნო სუბიექტების ყველა მნიშვნელოვანი აქტივობა, მათი საარჩევნო პროგრამები და პოზიციები.

საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები  

27 სექტემბრიდან, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურის დასრულების შემდეგ, ყოველდღიურად,  19:00 საათზე ეთერში გავა გადაცემა „არჩევნები 2024“ და თითოეულ კვალიფიციურ და არაკვალიფიციურ სუბიექტს დაეთმობა საუკეთესო საეთერო დრო, არანაკლებ 5 წთ.

საქართველოს რადიოს გადაცემა „ღია სტუდია“, საარჩევნო ფორმატით, ეთერს დაუთმობს კვალიფიციურ და არაკვალიფიციურ სუბიექტებს; ასევე, წინასაარჩევნო პერიოდში რადიოეთერში გავა ეთნიკური უმცირესობებისთვის განკუთვნილი სპეციალური გადაცემა „მრავალფეროვანი საქართველო“.

წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოს პირველი არხი იწყებს ორ ახალ ფორმატს.

კვირაში ორჯერ ეთერში გავა გადაცემა „ყველა შეკითხვა ცესკო-ს“ და საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უპასუხებს. მოქალაქეებს კითხვების დასმის შესაძლებლობა პირველი არხის ვებპორტალის და სოციალური ქსელის საშუალებით  ექნებათ; კითხვების დასმა ასევე შესაძლებელი იქნება  ხმოვანი შეტყობინების სახით, ტელეფონის ნომერზე: 2 40 93 94.

წინასაარჩევნო პერიოდში, მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით, კვირაში ერთხელ ეთერში გავა გადაცემა „საარჩევნო მედიაგზამკვლევი“, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან ერთად განხილული იქნება საზოგადოებისთვის ყველა აქტუალური საკითხი, რომელიც არჩევნების გაშუქებას ეხება.

ორივე ფორმატი მიზნად ისახავს საარჩევნო პროცესის შესახებ ამომწურავ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას.

მონიტორინგი

საზოგადოებრივი მაუწყებელი აწარმოებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაშუქების შიდა მონიტორინგს.

საქართველოს პირველი არხისა და საქართველოს რადიოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების ყველა გადაცემის მონიტორინგი მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტებისთვის დათმობილი დროის რაოდენობრივი მონაცემების დათვლას.

მონიტორინგი განხორციელდება სპეციალურად შექმნილი პროგრამის საშუალებით, თითოეულ ჩანაწერზე ტელეგადაცემის/სიუჟეტის ლინკის მითითებით, ხოლო გაშუქებული ინფორმაციის დამუშავებას უზრუნველყოფენ სხვადასხვა პლატფორმისა და გადაცემის სპეციფიკის გათვალისწინებით დატრენინგებული მონიტორები.

საერთაშორისო ორგანიზაციების პრაქტიკის შესაბამისად გაიზომება:

  • გაშუქებული თემა დათმობილი დროის მიხედვით
  • სუბიექტის პირდაპირი და ირიბი გაშუქება დათმობილი დროის მიხედვით
  • სუბიექტის გაშუქება ტონის მიხედვით (პოზიტიური, ნეგატიური, ნეიტრალური)

ქრონომეტრაჟი დაითვლება, როცა სუბიექტი:

  • ჩანს კადრში
  • კადრში საუბრობს
  • ისმის მხოლოდ ხმა
  • ჩანს სუბიექტის საიმიჯო ატრიბუტიკა
  • მასზე საუბრობენ სხვები

მედიამონიტორინგის ცალკეული კომპონენტები გამოქვეყნდება პერიოდულად მონიტორინგის მიმდინარეობის პერიოდში, მთლიანი ანგარიში კი – საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ.

ამასთანავე, აღვნიშნავთ, რომ მაუწყებლის მიერ წინასაარჩევნო მონიტორინგის წარმოება, პირველ რიგში, ხაზს უსვამს პოლარიზებული პოლიტიკური და მედიაგარემოს პირობებში მიუკერძოებელი და დაბალანსებული გაშუქების ობიექტურ და ფაქტობრივ მონაცემებზე დაფუძნებული მონიტორინგის აუცილებლობას.

მედიაწიგნიერება

საზოგადოებრივი მაუწყებელი მუშაობს მთელი საზოგადოებისთვის და მისი თითოეული წევრისთვის, შესაბამისად, წინასაარჩევნო პერიოდში არჩევნებთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია გადაიცემა სურდოთარგმანის თანხლებით. ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებელი არჩევნებთან  დაკავშირებულ ინფორმაციას გაავრცელებს ეთნიკური უმცირესობების ენებზე.

სარეკლამო დრო

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად უფლებამოსილი პარტიებისთვის საზოგადოებრივი მაუწყებელი საკუთარ ეთერში გამოყოფს ყოველ საათში 5 წუთს და ყოველ 3 საათში, თანაბრად და არადისკრიმინაციულად, თითოეული უფლებამოსილი პარტიის მიერ მისთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა განთავსდება იმ პირობით, რომ ამ პერიოდში ერთი საარჩევნო სუბიექტისათვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 90 წამს არ აღემატებოდეს, ხოლო, კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის გარდა, სხვა პარტიის წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განთავსების მიზნით გამოიყოფა ყოველ საათში 10 წამი თითოეული სუბიექტისთვის და ყოველ 3 საათში, თანაბრად და არადისკრიმინაციულად, თითოეული პარტიის მიერ მისთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა განთავსდება იმ პირობით, რომ ამ პერიოდში ერთი პარტიისათვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 30 წამს არ აღემატებოდეს.

პროგრამის პრეზენტაცია/ყრილობა

პირველი არხი სთავაზობს პარტიებს, წინასწარ, შესაბამისი წერილობითი მომართვის საფუძველზე, 12:00, 15:00 ან 18:00-საათიანი „მოამბის“ გამოშვებებში საკუთარი პროგრამის პრეზენტაციისთვის 10-15 წუთი პირდაპირი  ეთერის დათმობას იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო სუბიექტი თავად უზრუნველყოფს პირველი არხისთვის პირდაპირი ტრანსლაციის სიგნალის მოწოდებას.