„არავინ ელოდა, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობების გამო, რუსეთი სიხარულის დაფდაფებს შემოჰკრავდა“
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც მოსკოვმა საქართველოსთვის სარაკეტო სისტემა Javelin-ის მიწოდება გააპროტესტა.
„არავინ ელოდა, რომ რუსეთი სიხარულის დაფდაფებს შემოჰკრავდა იმის გამო, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის სამხედრო-პოლიტიური ურთიერთობები ვითარდება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების ვალდებულება აქვს.
„ჩვენი მხრიდან გამოწვევებით სავსე მსოფლიოში აბსოლუტურად ნორმალური ნაბიჯი გადაიდგა“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში საუბარია პენტაგონის გადაწყვეტილებაზე, საქართველოს ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა Javelin-ი მიაწოდოს, რაც მსგავსი მასშტაბის პირველი სამხედრო შეთანხმებაა 2008 წლის შემდეგ. რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში წერია, რომ აშშ-მა ქართველი სამშვიდობო კონტინგენტის მომზადების პროგრამა შეცვალა და ახლა რეგულარულ საბრძოლო დანაყოფებს ამზადებს. მსგავს სამხედრო დახმარებას რუსეთი აფასებს, როგორც „თბილისისთვის პირდაპირ ბიძგს რეგიონში ახალი სახიფათო თავგადასავლებისკენ“.