არასრულწლოვნის პროსტიტუციაში ჩაბმისთვის სისხლისსამართლებრივი სანქციები მკაცრდება
არასრულწლოვნის პროსტიტუციაში ჩაბმისთვის სისხლისსამართლებრივი სანქციები მკაცრდება

არასრულწლოვანთა პროსტიტუციაში ჩაბმის თავიდან აცილების მიზნით მთავრობამ საკანონმდებლო ცვლილებები დაამტკიცა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება ე.წ. სუტენიორობისათვის, ხოლო არასრულწლოვნის პროსტიტუციაში ჩაბმისათვის სისხლისსამართლებრივი სანქციები მკაცრდება.

იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობით სამართალდამცავ უწყებებს სათანადოდ ადეკვატური სამართლებრივი მექანიზმი არ აქვთ, იმოქმედონ იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც არაძალადობრივი მეთოდებით ხელს უწყობენ პირის, მათ შორის ბავშვის პროსტიტუციაში ჩაბმას. ასევე არ არსებობს საკმარისად ეფექტური სამართლებრივი საფუძველი იმ ბარების, კლუბების თუ სხვა დაწესებულებების წინააღმდეგ, სადაც ადგილი აქვს არაძალადობრივი მეთოდებით ადამიანთა, მათ შორის არასრულწლოვანთათვის ხელშეწყობას, რომ ჩაებან პროსტიტუციაში.

ამ მიზეზების გათვალისწინებით, სისხლის სამართლის კოდექსში შემოდის ახალი მუხლი – პროსტიტუციის ხელშეწყობა, რომელიც მოიცავს, როგორც პროსტიტუციისათვის ადგილის დათმობას, რაც აქამდეც არსებობდა, ისე პირის დაყოლიებას პროსტიტუციაზე ან სხვა ისეთი არაძალადობრივი ქმედების განხორციელებას, რომელიც ხელს უწყობს პირის მონაწილეობას პროსტიტუციაში. აღნიშნული დანაშაულისათვის პასუხისმგებლობად გათვალისწინებულია ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა ვადით ორ წლამდე, ხოლო თუ დანაშაული ჩადენილია დამამძიმებელ გარემოებებში, მათ შორის არასრულწლოვნის მიმართ, პასუხისმგებლობა მძიმდება და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე.

საკანონმდებლო ცვლილება მომზადდა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომელსაც ხელმძღვანელობდა იუსტიციის სამინისტრო და რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ საბჭოს წევრი სამთავრობო უწყებები, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები. საკანონმდებლო ცვლილების პროექტი განხილულ და მოწონებულ იქნა ტრეფიკინგთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს 2017 წლის 19 დეკემბრის სხდომაზე.

იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ცვლილება ხელს შეუწყობს ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევის დაძლევას – არასრულწლოვნების პროსტიტუციაში ჩაბმისგან დაცვასა და პროსტიტუციისათვის ხელშეწყობის პრევენციას.