არასრულწლოვნების პორნოგრაფიის დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულებისთვის ბრალის წარდგენა მიმდინარეობს
არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების დამზადება-გასაღების საქმეზე 11 ბრლდებული პირისთვის ბრალის ოფიციალური წარდგენა შსს-ში მიმდინარეობს.
სამართალდამცველებმა სამინისტროდან პოლიციის მთავარ სამმართველოში უკვე გადაიყვანეს ერთ-ერთი ბრალდებული, კერძოდ, დაზარალებული არასრულწლოვნის დედა, რომელმაც თქვა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს. დაკავებული ლ.ზ.-ს ადვოკატმა ბრალის წარდგენის შემდეგ თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის გაუგებარია დაკავების მიზეზი, რადგან ამ საქმეზე ის დაზარალებულად იყო ცნობილი.
„მასალები ჯერ არ გადმომცემია. რა დევს საქმეში ვერ გეტყვით. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელიც არასრულწლოვნის დედაა, თავს დამნაშავედ არ ცნობს. მას ჰქონდა დაზარალებულის სტატუსი ამ საქმეზე. მისი შვილი ჩაითრიეს ამ საქმეში. როგორც ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა გადმომცა, მისი შვილი ამ საქმეში პედაგოგმა ჩაითრია“, – განაცხადა ლ.ზ.-ს ადვოკატმა ბონდო ვათიაშვილმა.
ამ წუთებში ოფიციალურად ბრალს აცნობენ დანარჩენ დაკავებულებსაც.
არასრულწლოვნების პორნოგრაფიის დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით შსს-მ ბავშვების მშობლები და პედაგოგი დააკავა.