არასრულწლოვნების პორნოგრაფიაში ჩართვის საქმეზე დაკავებული პედაგოგის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმესთან კავშირს უარყოფს
წარმოდგენა შეიქმნა ისეთი, რომ ვინც კი რაიმე შემხებლობაში ყოფილა ოდესმე ამერიკის მოქალაქესთან ყველა პასუხისგებაშია მიცემული, – ამის შესახებ არასრულწლოვნების პორნოგრაფიაში ჩართვის საქმეზე დაკავებული პედაგოგის ადვოკატმა, ნოდარ ცინცაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქმეზე დაკავებულ პედაგოგს ედავებიან, რომ მან ამერიკელი ფოტოგრაფი გააცნო ერთ-ერთი არასრულწლოვნის დედას, რომელიც საქმეში ფიგურირებს.
„საგამოძიებო უწყება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ედავება, რომ მან 2018 წლის ზაფხულში სკოლის ერთ-ერთ ღონისძიებაზე ამერიკის მოქალაქე, რომელიც სოფლისთვის ცნობილი ფოტოფრაფი იყო, გააცნო ერთ-ერთი არასრულწლოვნის დედას.
ამის შემდეგ, რა კომუნიკაცია დაამყარა ამერიკის მოქალაქესთან ამ ხალხმა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ცნობილი არ არის, არც მონაწილეობა მიუღია, მხოლოდ გააცნო, ამიტომ დახმარების მუხლით წაუყენეს ბრალდება.
ეჭვის დონეზე არ იცოდა და არც შეიძლებოდა, სცოდნოდა და ამის დამადასტურებლად იშველიებს ფეისბუქ-გვერდზე არსებულ მიმოწერას, რა დროსაც ამერიკის მოქალაქემ მას გადმოუგზავნა ერთ-ერთი არასრულწლოვნის სურათი და მიუთითა – ნახეთ, რა კარგი სურათი გამოვიდაო. ამ სურათში არასრულწლოვანი მინდორშია გადაღებული და ეს ბავშვი ჩვეულებრივ არის ჩაცმული. იქ არანაირი პორნოგრაფიისა და ეროტიკის რაიმე მინიშნებაც არ არსებობს. წარმოდგენა შეიქმნა ისეთი, რომ ვინც კი რაიმე შემხებლობაში ყოფილა ოდესმე ამერიკის მოქალაქესთან ყველა პასუხისგებაშია მიცემული“, – განაცხადა ნოდარ ცინცაძემ.
მისივე თქმით, დაცვის მხარეს საქმის მასალები ჯერ არ მიუღია.
არასრულწლოვნების პორნოგრაფიის დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით შსს-მ ბავშვების მშობლები და პედაგოგი გუშინ დააკავა.