არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე სხდომა დღეს უზენაესი სასამართლოს შენობაში ჩატარდება
ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება. პროცესი 10:30-ზეა ჩანიშნული.
პირველი არხის ინფორმაციით, სხდომაზე სავარაუდოდ არასრულწლოვნების დაკითხვა გაგრძელდება. ამ საქმეზე უკვე დაკითხულია კონფლიქტში მონაწილე რამდენიმე არასრულწლოვანი, ე.წ პირდაპირი მოწმეები.
ადვოკატების ინფორმაციით, სწორედ არასრულწლოვნების ჩვენებებია მნიშვნელოვანი, თუმცა როგორც ისინი ამბობენ, გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებები და შემდგომ სხდომაზე გაჟღერებული ინფორმაცია ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოს ნაცვლად, უზენაესი სასამართლოს შენობაში ჩატარდება. ასე იქნება რამდენიმე სხდომის განმავლობაში. როგორც ცნობილია, ეს ტექნიკურ დეტალებს უკავშირდება. აღნიშნული გადაწყვეტილება საქმის განმხილველმა მოსამართლემ მიიღო.