არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე სასამართლოში 51-ე სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი იკითხება
თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სასწავლო-აღმზრდელობით დარგში 51-ე სკოლის დირექტორის მოადგილე იკითხება.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე ახალ მტკიცებულებას წარადგენს. ეს არის ალტერნატიული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.
ადვოკატი ამბობს, რომ დასკვნა განსხვავებულია იმ ექსპერტიზისგან, რაც პროკურატურამ წარმოადგინა.
წინა სხდომაზე, როდესაც პირველად მოხდა მტკიცებულებების გამოკვლევა, სასამართლომ დაზარალებულებს, გარდაცვლილების მშობლებს მოუსმინა.
პირველ დეკემბერს მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულია ორი არასრულწლოვანი. მათ ბრალად ედებათ წინასწარ შეცნობით, განზრახ მკვლელობა ჯგუფურად.
სხდომა მედიისთვის დახურულია. არასრულწლოვნების კანონიერი წარმომადგენლების გარდა, მოსამართლის გადაწყვეტილებით, პროცესებს დაესწრებიან გარდაცვლილების მშობლებიც.