არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე გამომძიებლები და ერთი მოწმე დაკითხეს
არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე გამომძიებლები და ერთი მოწმე დაკითხეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დღეს საქმის გამომძიებლები და ერთი მოწმე დაკითხეს.

ერთ-ერთი არასრულწლოვნის ოჯახის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, მოწმეებმა ჩვენებები გადათქვეს, რაც ეჭვს აჩენს, რომ დაინტერესებული პირები მათზე ზეგავლენას ახდენენ.

ადვოკატი აცხადებს, რომ ერთ-ერთი მოწმე გამოძიების დროს ამბობდა, რომ რამდენიმე პირი ერთ კონკრეტულ პირს სცემდა და დღეს ეს ჩვენება უარყო.

„მოწმემ მიუთითა სხვა პირზე, რომელიც ჩხუბის მიმდინარეობას ხედავდა. თუმცა, როდესაც ეს პირი დავკითხეთ, თქვა, რომ არაფერი დაუნახავს და იქ არ ყოფილა. მისი თქმით, რომ დაენახა, გააშველებდა და შეძლებდა დაჭრის აცილებას. სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულთან გვაქვს საქმე, თუმცა საგამოძიებო ორგანოს არაფერი გაუკეთებია, ეს ადამიანი რომ პასუხისგებაში მიეცა. მოწმის დაკითხვით კიდევ ერთხელ, კარგად ნათლად გამოვლინდა, რომ საგამოძიებო მოქმედებები არ არის სწორად ჩატარებული და რომ იმალება სიმართლე იმ მტკიცებულებებით, რომელიც წარმოადგინა ბრალდების მხარემ“, – განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

საქმის პროკურორის, ზვიად ფხაკაძის განცხადებით, მოწმე ამბობს, რომ ცემის ფაქტი მას არ დაუნახავს.

„გამოძიების სტადიაზე მან განაცხადა, თითქოს იყო ჩხუბი, მაგრამ კონკრეტიზაცია, თუ ვინ ვის ურტყამდა, ვერ მოახდინა. დადასტურდა წითელი მანქანის შემთხვევის ადგილზე ყოფნაც. მოწმის თქმით, რა დროსაც მძღოლი წითელ მანქანაში ჯდებოდა, ჩხუბი მიმდინარეობდა. თუმცა, შეეძლო თუ არა მას მოჩხუბარი ბიჭების დანახვა, ვერ აკონკრეტებს“, – განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.

დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანია დაკავებული. ერთს ბრალად ედება ორი არასრულწლოვნის მკვლელობა, ერთს კი ერთი არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობა.