არასრულწლოვანთა საქმეებზე სამართალწარმოების პროცესში კოორდინატორის ინსტიტუტიც ჩაერთვება
არასრულწლოვანთა საქმეებზე სამართალწარმოების პროცესში კოორდინატორის ინსტიტუტიც ჩაერთვება

არასრულწლოვანთა საქმეებზე სამართალწარმოების პროცესში, კოორდინატორის ინსტიტუტიც ჩაერთვება. შესაბამისი ცვლილებები იუსტიციის სამინისტრომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანად მოამზადა.

პროექტი მინისტრის მოადგილემ ადამიანის უფლებათა კომიტეტზე წარადგინა. მისი თქმით,  მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ინსტიტუტი 2011 წლიდან არსებობდა და ამ ეტაპზე კანონის დონეზე გაწერა ხდება. ბარამიძის განცხადებით, კანონპროექტის მიზანია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების განხორციელება, რათა კოორდინატორმა სამართალწარმოების პროცესში სრულყოფილად უზრუნველყოს მოწმის, ან დაზარალებულის მხარდაჭერა. კერძოდ, მოწმეს ან დაზარალებულს მიაწოდოს ინფორმაცია მისთვის ხელმისაწვდომი სერვისების შესახებ, მოიპოვოს მოწმის, ან  დაზარალებულის ნდობა მის მიმართ ინდივიდუალური მიდგომით, გაუმარტივოს სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობა და მისთვის გასაგებ ენაზე მიაწოდოს ინფორმაცია სამართალწარმოების პროცესის მიმდინარეობისა და მისი უფლებების შესახებ.