არასრულწლოვანთა მიმართ სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირებს, სასჯელის მოხდის შემდეგ, შეზღუდვები დაუწესდებათ
არასრულწლოვანთა მიმართ სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირებს, სასჯელის მოხდის შემდეგ, შეზღუდვები დაუწესდებათ

პარლამენტი მომავალი კვირიდან სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ კანონპროექტზე მუშაობას იწყებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, მსჯავრდებულს ჩამოერთმევა საგანმანათლებლო და აღმზრდელობით დაწესებულებებში მუშაობის და სხვა სამოქალაქო უფლებები.

პროექტის მიხედვით სასამართლოს ენიჭება დისკრეციული უფლებამოსილება, მსჯავრდებულ პირს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ჩამოართვას ქვემოთ ჩამოთვლილი ერთი ან რამდენიმე უფლება:

1. საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში, სკოლის გარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო
დაწესებულებაში (მათ შორის, სკოლის გარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებაში) საქმიანობის უფლება, ასევე არასრულწლოვნებისთვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო/სასწავლო/სააღმზრდელო მომსახურების გაწევა და ასეთი მომსახურების გამწევ დაწესებულებებში საქმიანობა.

2. არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ საგანმანათლებლო დაწესებულებასა და
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე არაუმეტეს 30 მეტრის რადიუსში, ბიბლიოთეკაში, ბავშვთა გასართობ ცენტრში, სკოლის გარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში, არასრულწლოვნებისთვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო/სასწავლო/სააღმზრდელო მომსახურების გამწევ დაწესებულებაში ყოფნის უფლება.

3. არასრულწლოვანთან ერთად ცხოვრების უფლება, თუ პირს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე-141-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული ჩადენილი აქვს არასრულწლოვნის მიმართ;

4. „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური მუშაობა;

5. საექიმო საქმიანობა;

6. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობა;

7. პასიური საარჩევნო უფლება.

8. იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

9. სატრანსპორტო საშუალებით, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის უფლება;

10. სხვა საქმიანობის განხორციელების უფლება, რომლის ჩამორთმევასაც დამნაშავის პიროვნების და დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნევს სასამართლო.

პროექტის მიხედვით, მოსამართლეს ენიჭება დისკრეცია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მსჯავრდებულს ჩამოართვას ერთი ან რამდენიმე უფლება. აღნიშნული უფლების ჩამორთმევისას მოსამართლე ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ოჯახურ მდგომარეობას, ნასამართლობას, მის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, დანაშაულის ჩადენის ვითარებას, ხერხს, საშუალებას, დამდგარ შედეგს, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკსა და სხვა გარემოებებს.

უფლებების ჩამორთმევის მინიმალური და მაქსიმალური ვადები განისაზღვრება კანონით. კერძოდ, პირს უფლებები ჩამოერთმევა: ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – ხუთ წლამდე ვადით, მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – ხუთიდან ათ წლამდე ვადით, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – ათიდან 15 წლამდე ვადით.