არასრულწლოვანს, რომელმაც მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაზე გამომსვლელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ჯერ ბრალდებულის სტატუსი არ აქვს
არასრულწლოვანს, რომელმაც მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაზე გამომსვლელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ჯერ ბრალდებულის სტატუსი არ აქვს

პირი, რომელმაც მთავრობის ადმინისტრაციასთან გუშინ აქციაზე სიტყვით გამომსვლელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, არასრულწლოვანია და დაკავებული არ არის.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით გამართულ აქციაზე ერთი პირის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე, შსს-ს ამ დროისთვის არავინ დაუკავებია.

არასრულწლოვანს, რომელმაც აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ჯერ ბრალდებულის სტატუსიც არ აქვს, თუმცა, როგორც სამინისტროში აცხადებენ, ფაქტზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული, მისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. უწყებაში განმარტავენ, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი მსგავსი დანაშაულის შემთხვევაში მოზარდს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

ინციდენტი გუშინ საღამოს, მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე მოხდა. ერთ-ერთ გამომსვლელს აქციაზე ახალგაზრდამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ის პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა, დაშავებულ გამომსვლელს კი, სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.