არასრულწლოვანის მძევლად აყვანის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული გაათავისუფლეს
ზუგდიდში არასრულწლოვანის მძევლად აყვანის ბრალდებით დაკავებული ე.კ. პროკურატურამ გაათავისუფლა, – ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ბაჩუკი ყურაშვილმა პირველ არხთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, პროკურატურამ გაითვალისწინა, რომ დაკავებულ ცოლ-ქმარს ორი შვილი ყავთ.
დაკავებულ ცოლ-ქმარს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის 2-ე ნაწილის ა და ზ ქვეპუნქტებით წარუდგინეს, რაც ნიშნავს ჯგუფის მიერ არასრულწლოვანის მძევლად აყვანის მიზნით ხელში ჩაგდებას.
ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ. ადვოკატი ამბობს, რომ ოჯახებს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან, შესაბამისად, ბავშვი ხშირად იყო ბრალდებულების ოჯახში და მათ არანაირი მიზეზი არ ჰქონდათ, ბავშვი მძევლად აეყვანათ.
გავრცელებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარმა ბავშვი სახლში წაიყვანა და დედას გამოუცხადა, სანამ მათ ვალს არ დაფარავდა, შვილს არ დაუბრუნებდნენ.