არასამთავრობოებმა სალომე ზურაბიშვილს ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე, თამარ ჟვანიას გარდა, კიდევ სამი კანდიდატურა შესთავაზეს
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეხვედრა დასრულდა.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, საქართველოს პრეზიდენტს ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე სულ ოთხი კანდიდატურა შესთავაზეს. მათ შორის არიან ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარე თამარ ჟვანია, ცესკო-ს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომელი მარიამ შელეგია და „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე.
გავრცელებული ინფორმაციით, დასახელებული კანდიდატებიდან ერთ-ერთს, გიორგი ჯავახიშვილს თავად არ აქვს სურვილი, ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტი დაიკავოს.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ლაშა ჟვანიამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, შეხვედრაზე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურ ჩართულობაზე შეთანხმდნენ.
„შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ საარჩევნო კოდექსთან, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შემდგომში არასამთავრობო სექტორის ჩართულობა უნდა იყოს აქტიური და პრეზიდენტთან სხვა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებითაც უნდა გაგრძელდეს კონსულტაციები“, – განაცხადა ჟვანიამ.
მისივე თქმით, არასამთავრობოებმა ცესკო-ს თავმჯდომარეობის რამდენიმე კანდიდატურა დაასახელეს, ხვალ 12:00 საათამდე კი, პრეზიდენტს ამ საკითხთან დაკავშირებით მათგან წერილობით შეთავაზებებს მიიღებს. დღის ბოლოს თავად სალომე ზურაბიშვილი დაასახელებს სამ კანდიდატს, რომლებსაც ცესკო-ში წარადგენს.
„რამდენიმე კანდიდატურაა დასახელებული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. ხვალ 12:00 საათამდე პრეზიდენტი მიიღებს წერილობით შეთავაზებებს ამავე არასამთავრობოებისგან, მათ შორის დასახელებული კანდიდატების ბიოგრაფიებს. შემდგომში კი, პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელი სამი კანდიდატურა წარადგინოს ცესკო-ში“,- განაცხადა ლაშა ჟვანიამ.
პრეზიდენტის მიერ დასახლებული კანდიდატებიდან თავად ცესკო-ს წევრები კენჭისყრის შედეგად ხუთი წლის ვადით აირჩევენ თავმჯდომარეს. თავმჯდომარის ასარჩევად, ცესკო-ს მინიმუმ ოთხი წევრის ხმა არის საჭირო.