არასამთავრობოებმა ანგარიშვალდებულების კუთხით მაღალი რეიტინგის მქონე მუნიციპალიტეტები გამოავლინეს
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი (MSDC) ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2019 წლის შეფასების შედეგები წარადგინეს და ანგარიშვალდებულების კუთხით მაღალი რეიტინგის მქონე მუნიციპალიტეტები გამოავლინეს.
2019 წელს საუკეთესო შედეგის მქონე მუნიციპალიტეტად ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი დასახელდა. 100%-იან შეფასების სკალაზე მას 61%-იანი შედეგი აქვს. ბათუმთან ერთად, ასევე დაჯილდოვდნენ რუსთავის (57%), ლაგოდეხის (56%), ზუგდიდის (55%) და თეთრიწყაროს(52 %) მუნიციპალიტეტი.
რაც შეეხება რეიტინგის ყველაზე დაბალი მაჩვენებლების მქონე მუნიციპალიტეტებს, მათ შორის არიან ახალქალაქის (6%), ნინოწმინდის (7%), ასპინძის (7%), ადიგენის (8%) და სამტრედიის (9%) მუნიციპალიტეტები.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებით, საქართველოს მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების საშუალო შედეგი 2019 წელსაც დაბალია და 28%-ს შეადგენს, მერიების საშუალო შედეგი – 25%-ია, ხოლო საკრებულოების კი 31%. მათივე ინფორმაციით, მიუხედავად იმისა რომ 2019 წელსაც ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის საშუალო შედეგი არ არის მაღალი, ის წინა წლებთან შედარებით მაინც გაზრდილია, რასაც დადებით ტენდენციაც მიიჩნევენ.
„2019 წლის შეფასების შედეგების მიხედვით, მუნიციპალიტეტების დაახლოებით 40% ვერ ცდება ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების 20%-იან ზღვარს, ყველაზე ცუდი პრაქტიკა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებაზე ფიქსირდება. თითქმის არ ხდება მოქალაქეთა მომსახურების სფეროში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება“, – განაცხადა კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის ექსპერტმა გიორგი ტოკლიკიშვილმა.