არასამთავრობოები - საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტებისა და კანდიდატების მხრიდან 2008 წლის ომის საკითხებით სპეკულირება დაუშვებელია
არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტებისა და კანდიდატების მხრიდან 2008 წლის ომის საკითხებით სპეკულირება დაუშვებელია.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა აღნიშნულ საკითხზე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ისინი კიდევ ერთხელ თანადგომას უცხადებენ ომის მსხვერპლთა ოჯახებსა და სხვა დაზარალებულ პირებს.
განცხადების თანახმად, 2008 წელს განხორციელდა ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენცია საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევით, რომლის შედეგადაც, დაზარალდა ათასობით ადამიანი. სამხედრო აგრესია მიმართული იყო ეთნიკურად ქართველი მოსახლეობისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, რასაც შედეგად მოჰყვა ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტის ანექსია.
„ოკუპაციისა და ქართველი ხალხის დევნის პროცესი დღესაც გრძელდება. ასევე, რუსეთის ფედერაციის მხრიდან, არ სრულდება 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აგვისტოს ომის პირველივე დღეებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად ვიყავით ჩართულნი პროცესებში. კერძოდ, ვეხმარებოდით დაზარალებულებს და ვუწევდით მათ პირველად დახმარებას; რუსული პროპაგანდისა და კომუნიკაციების დახშობის ფონზე, არსებულ ვითარებას ვაცნობებდით საერთაშორისო მედიას და პარტნიორებს.
მოგვიანებით, ათასობით ომში დაზარალებულისთვის უზრუნველვყავით ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის მომსახურება და გავუწიეთ უფასო იურიდიული დახმარება, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრების წარდგენის პროცესში. აღვწერეთ 1000-ზე მეტი ომგამოვლილი ადამიანის ისტორია, რაც ანგარიშის სახით გამოვეცით და სწორედ აღნიშნული ანგარიში წარმოადგენს ერთერთ მთავარ დოკუმენტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულების გამოძიების პროცესში“, – ნათქვამია განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ზემოხსენებულის ფონზე, შემაშფოთებელია, აგვისტოს ომიდან 10 წლისთავზე, პოლიტიკოსების მხრიდან, წინასაარჩევნო თუ სხვა პოლიტიკური მიზნებისთვის გაკეთებული განცხადებები, რომლის მიხედვით 2008 წლის ომის დაწყებაში ბრალი საქართველოს მიუძღვის.
„მიგვაჩნია, რომ მსგავსი განცხადებების გაკეთება განსაკუთრებით საშიშია იმ ფონზე, როდესაც აგვისტოს ომის დროს ჩადენილ დანაშაულებს იძიებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო. სასამართლოს უკვე მიმართა ათასობით დაზარალებულმა, რომლებიც ცალსახად მიუთითებენ რუსი და ოსი სამხედროებისა და შეიარაღებული პირების მხრიდან ჩადენილ სასტიკ დანაშაულებზე. ამასთანავე, რუსეთის ფედერაცია არ თანამშრომლობს სასამართლოსთან, რაც კიდევ უფრო ართულებს გამოძიების პროცესს და ჭეშმარიტების დადგენას საქმის შესახებ.
ამ ვითარებაში, დაუშვებელია, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტებისა და კანდიდატების მხრიდან 2008 წლის ომის საკითხებით სპეკულირება. ამან, შესაძლოა, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ომით დაზარალებული პირებისთვის სამართლიანობის აღსრულებას“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.
განცხადების თანახმად, მსგავსი პოლიტიკური შეფასებები სრულ თანხვედრაშია რუსულ პროპაგანდასთან, რომელიც წლების განმავლობაში ცდილობს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების უგულვებელყოფას და პასუხისმგებლობის პოლიტიკურ არენაზე გადატანას.
არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატს და პოლიტიკურ სუბიექტს, პატივი სცენ საერთაშორისო სასამართლოში მიმდინარე გამოძიების პროცესს და თავი შეიკავონ მსგავსი შეფასებებისა და გამონათქვამებისგან, გადაუმოწმებელი ან/და დამახინჯებული ფაქტების გავრცელებისგან.
განცხადებას ხელს აწერენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კოალიციის წევრი ექვსი ორგანიზაცია და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები – „ღია საზოგადოების ფონდი“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, „“წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი“, Justice International (ჰააგა); „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, „ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისა“ და „სამართლიანი არჩევნები“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“.