არასამთავრობოები სახალხო დამცველად ნინო ლომჯარიას, ზვიად ქორიძის, ანა ნაცვლიშვილისა და ვახუშტი მენაბდის კანდიდატურებს ასახელებენ
სახალხო დამცველის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები საკანონმდებლო ორგანოში იმართება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სახალხო დამცველის კანდიდატურის შერჩევის საკითხზე არასამთავრობო, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.
არასამთავრობო ორგანიზაციები მმართველ გუნდს მომავალ ომბუდსმენად – ნინო ლომჯარიას, ზვიად ქორიძის, ანა ნაცვლიშვილის და ვახუშტი მენაბდის კანდიდატურებს სთავაზობენ. მათი ინიციატივაა, რომ პარლამენტმა არჩევანი სწორედ ამ ოთხ კანდიდატს შორის გააკეთოს, თუმცა ამ დრომდე უცნობია მმართველი გუნდის პოზიცია, თუ ვის წარდგენას გეგმავს მომავალ ომბუდსმენად.
მოქმედ სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილების ვადა 7 დეკემბერს ეწურება.
“სახალხო დამცველის შესახებ“ კანონის მოქმედი ნორმით, ომბუდსმენის თანამდებობაზე ერთი და იმავე პირი შეიძლება ზედიზედ ორჯერ აირჩეს, თუმცა მმართველი გუნდი უჩა ნანუაშვილის კანდიდატურას, სავარაუდოდ, აღარ წარადგენს. კანონმდებლობის მიხედვით, პარლამენტი სახალხო დამცველს ხმათა უმრავლესობით ამტკიცებს.