არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტთან აქციის მონაწილეებს სამი კარავი გადასცეს
არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტთან აქციის მონაწილეებს სამი კარავი გადასცეს

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის წინ გაშლილი კარვების ნაწილი აქციის მონაწილეებს დაუტოვეს. მათ ზაზა სარალიძეს საჩუქრად სამი კარავი გადასცეს.

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) ხელმძღვანელის, გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების აქციამ მიზანს მიაღწია.

„ჩვენი აქციის მიზანი იყო, რომ ბატონ სარალიძესა და ბატონ მაჩალიკაშვილს ჰქონოდათ უფლება, რუსთაველის გამზირზე განეთავსებინათ კარავი, რომელ უფლებასაც ხელისუფლება უზღუდავდა. ამიტომ ჩვენი აქცია, მათ შორის ჩვენს მიერ კარვების გაშლა იყო სწორედ სოლიდარობის აქცია მათდამი, ხოლო სახელმწიფოსადმი კიდევ ერთხელ შეხსენება, თუ რა მნიშვნელობა გააჩნია შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას, მისი ფორმის შერჩევა და გადაწყვეტა კი სწორედ აქციის მონაწილეთა კომპეტენციაა. ვფიქრობთ, რომ ჩვენმა აქციამ საკუთარ მიზანს მაინც მიაღწია, მიუხედავად შემხვედრი წინააღმდეგობისა. ამიტომაც ჩვენ კარვების ნაწილი, რომელიც ჩვენი ორგანიზატორების საკუთრებას წარმოადგენდა, წავიღეთ, მეორე ნაწილი, სამი კარავი დავუტოვეთ აქციის ძირითად მონაწილეებს, მათი თხოვნის შესაბამისად. აქვე არის მათ საკუთრებაში არსებული სხვა კარვები და იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს პოლიცია გამოიჩენს გონიერებას და აღარ ეცდება მათ კონსტიტუციურ უფლებაში შეჭრას“, – აღნიშნა გიორგი მშვენიერაძემ.

მისივე თქმით, კარვები პარლამენტის შენობის წინ უნდა იყოს მანამდე, სანამ აქციის მონაწილეები მათით ისარგებლებენ და მათი მეშვეობით პროტესტს გამოხატავენ.

ამ დროისთვის პარლამენტის წინ სულ 17 კარავია გაშლილი. კარვების ძირითადი ნაწილი ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერებს ეკუთვნით.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის წინ საკუთარი კარვების დაშლა დილიდან დაიწყეს. მათი თქმით, ადგილზე მხოლოდ მომიტინგეების კარვები დარჩება. პარლამენტის წინ 10-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის კარვები იდგა, რომლებშიც მთელი ღამის განმავლობაში ამავე ორგანიზაციების ხელმძღვანელები იმყოფებოდნენ.