არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ დააფუძნეს
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ დააფუძნეს

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ დააფუძნეს.

როგორც ისინი აცხადებენ, სადამკვირვებლო მისია 30-მდე ორგანიზაციას აერთიანებს.

სადამკვირვებლო მისიის პრეზენტაცია დედაენის ბაღში გაიმართა. ყოფილმა სახალხო დამცველმა, პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ მოქალაქეებს სთავაზობენ, ჩაერთონ დაკვირვების პროცესში.

„„რუსული კანონის“ მიღებიდან მეორე დღესვე მოქალაქეებმა თავად დაიწყეს ამ ინიციატივის გარშემო გაერთიანება. ეს სურვილი თავად მოქალაქეებში დაიბადა. ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, 30-მდე ორგანიზაცია ამ მოლოდინებს ვპასუხობთ. ჩვენ ვთავაზობთ საქართველოს მოქალაქეებს, რომ ჩაერთონ დაკვირვების პროცესში. გაერთიანებული ვართ ის ორგანიზაციები და ადამიანები, რომლებსაც გვაქვს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო დაკვირვების გამოცდილება, ცოდნა შესაძლო დარღვევების და საარჩევნო მანიპულაციების შესახებ. მოვამზადებთ საქართველოს მოქალაქეებს, მათი პროფესიის, ინტერესის და საქმიანობის სფეროს მიუხედავად. საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან მოქალაქეს შეუძლია დარეგისტრირდეს, როგორც დამკვირვებელი“, – განაცხადა ლომჯარიამ.

როგორც აღინიშნა, მოძრაობა არჩევნებს საზღვარგარეთაც დააკვირდება.