არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პარლამენტთან საკუთარი კარვების დაშლა დაიწყეს
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პარლამენტთან საკუთარი კარვების დაშლა დაიწყეს

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის წინ საკუთარი კარვებს დაშლა დაიწყეს. მათი თქმით, ადგილზე მხოლოდ მომიტინგეების კარვები დარჩება.

პარლამენტის წინ 10-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის კარვები იდგა, რომლებშიც მთელი ღამის განმავლობაში ამავე ორგანიზაციების ხელმძღვანელები იმყოფებოდნენ. მათი თქმით, რუსთაველის გამზირზე კარვის გაშლას პერფომანსის ფორმა ჰქონდა და მიზნად ისახავდა კონკრეტული მესიჯის გაგზავნას ხელისუფლებისა და მოსახლეობისთვის, რომ კარვის გაშლა ყველას შეუძლია.

„ვფიქრობ, ამ ეტაპზე ნამდვილად მოვახერხეთ იმის თქმა, რაც გვინდოდა. მიზანი იყო, საზოგადოებისთვის დაგვენახებინა, რომ კარვის გაშლა არ არის კანონის დარღვევა და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ეს გააკეთოს, ასევე ის, რომ ბატონ სარალიძეს არ აძლევდნენ კარვის გაშლის უფლებას, იყო კანონის დარღვევა. გუშინ პოლიციელები, სამწუხაროდ, არ მოქმედებდნენ კანონის შესაბამისად და ეს იყო პრობლემა, თუმცა ვფიქრობთ, სათქმელი, რომელიც გვქონდა, მივიტანეთ საზოგადოებამდე. უკვე ავიღებთ ამ კარვებს. თავიდანვე ასე იყო დაანონსებული, რომ ფაქტობრივად ჩვენ ვაკეთებთ პერფორმანსს და უბრალოდ ეს იყო აქცია, რომლის მიზანიც კონკრეტული მესიჯის მიტანა იყო. ცხადია, ხვალიდან და შემდეგ პერიოდშიც ასევე დავიცავთ ბატონი სარალიძის უფლებებს და მოვთხოვთ მთავრობას, გააკეთოს ყველაფერი, რათა მისი დარღვეული უფლებები აღდგეს“, – განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა.