არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პრეზიდენტს მოუწოდებენ, სახელმწიფო ინსპექტორთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ვეტო დაადოს
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები განცხადებას ავრცელებენ და საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებენ, სახელმწიფო ინსპექტორთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ვეტო დაადოს.
„2021 წლის 30 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც სახელმწიფოს ინსპექტორის სამსახური მოქმედი ფორმით უქმდება და იქმნება ორი ახალი სამსახური, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან პერსონალური მონაცემების დაცვასა და სამართალდამცავთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაზე. ასევე, მოქმედ სახელმწიფო ინსპექტორს უწყდება უფლებამოსილების ვადა, მიუხედავად იმისა, რომ იგი არჩეული იყო თავად პარლამენტის მიერ, 2025 წლამდე.
ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და საქართველოს პარტნიორი სახელმწიფოების მწვავე კრიტიკის მიუხედავად, მმართველმა პარტიამ, ყოველგვარი დასაბუთების თუ შესაბამისი აქტორებისა და თავად სახელმწიფო ინსპექტორის ჩართულობის გარეშე, მიიღო არაკონსტიტუციური და ქართული დემოკრატიისთვის უკიდურესად დამაზიანებელი გადაწყვეტილება.
ამავდროულად, მისასალმებელი იყო საქართველოს პრეზიდენტის წინასწარი შეფასება, რომ მისთვის მიუღებელია დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების წინასწარი კონსულტაციების გარეშე ინიცირება და დაჩქარებული წესით განხილვა. შესაბამისად, პრეზიდენტმა მოუწოდა საკანონმდებლო ორგანოს, შეეწყვიტა საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა და ყველასთვის მიეცა შესაძლებლობა, წარედგინა საკუთარი არგუმენტები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხელმომწერი ორგანიზაციები, მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს:
გამოიყენოს მის ხელთ არსებული კონსტიტუციური უფლებამოსილება და ვეტო დაადოს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს, ხოლო საკანონმდებლო ცვლილებების კანონპროექტი, მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნოს პარლამენტს“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები:
„საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი“ (osgf)
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (GYLA)
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ (TI Georgia)
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (ყოფილი EMC)
„დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი“ (IDSD)
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED)
„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ (EPRC)
„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR)
„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI)
„ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის“ (RIVG)
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ (DRI)
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ (HRC)
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI)
„მედიის განვითარების ფონდი“ (MDF)
„საქართველოს სასამართლოს გუშაგი“ (GCW)
„საფარი“