არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ბათუმში მიმდინარე კონფერენციის მონაწილეებს მიმართავს
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს მიმართავს.
მიმართვაში აღნიშნულია, რომ საქართველო რუსეთის მთავრობისა და ვლადიმერ პუტინის აგრესიული რიტორიკისა და ეკონომიკური სანქციების სამიზნეა, საქართველოს მთავრობა კი, ვერ ახერხებს ამ რიტორიკასთან გამკლავებას.
არასამთავრობო ორგანიზაციები კონფერენციის მონაწილეებს მიმართავენ, რომ მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის.
„დღეს საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია ტარდება. ძვირფასო სტუმრებო, ვინც ეწვიეთ ჩვენს ქვეყანას საქართველოს, რომელიც უკვე 200 წელია არ ურიგდება რუსულ ოკუპაციას; ქვეყანას, რომელიც სამაგალითოა რეგიონის ყველა ქვეყნისთვის! დაამტკიცა, რომ რუსეთის ინტერესების გათვალისწინების გარეშე შეიძლება გახდეს პროგრესული და ჩაატაროს სამაგალითო რეფორმები; ქვეყანას, რომლის მიზანია იყოს უფრო მეტი, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპის ერთი რიგითი სახელმწიფო.
დღეს ჩვენ ვართ რუსეთის მთავრობისა და პრეზიდენტ პუტინის აგრესიული რიტორიკის და ეკონომიკური სანქციების სამიზნე. ამასთან ერთად პრეზიდენტი პუტინი პირადად ახდენს საქართველოს ისტორიის ფალსიფიკაციას. მოვლენათა დამახინჯებით, ცრუ ნარატივის შექმნით ცდილობს მოახდინოს ტრავმული მეხსიერების ფორმირება, რომელიც შეუძლებელს გახდის რეგიონში მშვიდობის მშენებლობისა და ნდობის აღდგენის პროცესს.
ესაა მათი პასუხი საქართველოში სტუდენტების მიერ ორგანიზებულ ანტი-საოკუპაციო დემონსტრაციაზე, იმაზე, რომ საქართველოში არის თავისუფალი თაობა, რომელიც დამოუკიდებელ ქვეყანაში დაიბადა და მათი ერთადერთი მიზანი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში შეყვანაა.
სამწუხაროდ, ჩვენი მთავრობა ვერ ახერხებს ამ რიტორიკასთან გამკლავებას. უფრო მეტიც, ისინი თავისი დაბნეულობით და უმოქმედობით პანიკას თესენ ჩვენს ქვეყანაში და ცდილობენ, დაამკვიდრონ მოსაზრება, რომ რუსეთთან მჭიდრო ეკონომიკური კავშირების გარეშე, ჩვენი ქვეყანა დაიღუპება.
ამ სიტუაციაში მნიშვნელოვანია, თქვენც მკაცრი პასუხი გასცეთ პუტინის იმპერიალისტურ რიტორიკას! თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის! ჩვენ ვართ მამაცი და თავმოყვარე ხალხი! ჩვენ ზუსტად ვიცით თავისუფლების ფასი და ამიტომ მუდამ ვიბრძვით მის დასაცავად!
დღეს ჩვენს გვერდით დგომა და მხარდაჭერა ნიშნავს ევროპის და ევროპული ფასეულობების დაცვას“, – აღნიშნულია ერთობლივ მიმართვაში.
მიმართვას ხელს აწერენ არასამთავრობო ორგანიზაციები: „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, „საქართველოს ატლანტიკური საბჭო“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „საზოგადოება და ბანკები“, „საქართველოს გაერო-ს ასოციაცია“, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, „საქართველოს ფერმერთა ასოციაცია“, „მწვანე ალტერნატივა“, „ლიბერალური აკადემია თბილისი“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“.
ბათუმში მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავს ეძღვნება.