არასამთავრობო ორგანიზაციები საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით მომზადებულ რეკომენდაციებს წარადგენენ
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული რეკომენდაციები ქვეყანაში არსებულ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით დღეს გახდება ცნობილი.
კვლევა გასულ წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით არის მომზადებული და მასში საუბარია როგორც საარჩევნო კანონმდებლობაში არსებულ პრობლემებზე, ასევე პარტიების დაფინანსებასა და აგიტაციაზე.
ის რეკომენდაციები, რომლებიც მესამე სექტორის მიერ უკეთესი საარჩევნო გარემოს შექმნის მიზნით გამოიკვეთა, საქართველოს პარლამენტს უკვე გადაეგზავნა.
„ჩვენი რეკომენდაციები ეფუძნება იმ პრობლემებს, რაც დავინახეთ და დავაფიქსირეთ არჩევნების მონიტორინგის შედეგად და რაც გამოიკვეთა საარჩევნო კანონმდებლობაში. საუბარია პარტიების დაფინანსებაზე, აგიტაციებზე, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასა და საარჩევნო დავებზე. ჩვენი საბოლოო მიზანი არის,რომ ეს რეკომენდაციები აისახოს საარჩევნო კანონმდებლობაში. ჩვენ ეს რეკომენდაციები ოფიციალურად წარვადგინეთ პარლამენტში“, – აცხადებს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ წარმომადგენელი ელენე ნიჟარაძე.
კვლევაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „სამართლიანი არჩევნები“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მუშაობდნენ.
კვლევის პრეზენტაცია დღეს, 15:00 საათზე „თბილისი მარიოტში“ გაიმართება.