არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ უნდა გადაიყვანონ
არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სათანადო მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა იქნას მიღებული, მათ შორის, სამედიცინო დახმარების გაწევით ქვეყნის ფარგლებს მიღმა.
„ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები, ვეხმიანებით პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს. მიგვაჩნია, რომ მისი სათანადო მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა იქნას მიღებული, მათ შორის, სამედიცინო დახმარების გაწევით ქვეყნის ფარგლებს მიღმა.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ალტერნატიული სამედიცინო კონსილიუმის დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამძიმებული, მას აღენიშნება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, რომელიც უკავშირდება ისეთ დაავადებებს, როგორიცაა ანორექსია და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა.
შესაბამისად, პატიმარს დაუყოვნებლივ უნდა გაეწიოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება. მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისას, უნდა გამოირიცხოს პოლიტიკური მიზანშეწონილების ნებისმიერი მოტივი და შესაბამისმა ინსტიტუციებმა უნდა იხელმძღვანელონ მხოლოდ ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და პირადი უსაფრთხოების უფლების დაცვის სტანდარტით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვითხოვთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტს დაუყოვნებლივ გაეწიოს სამედიცინო მომსახურება, რაც აუცილებელია მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფუნდამენტური უფლებების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული კი, გამომდინარეობს სახელმწიფოს კონსტიტუციური და საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებებისგან“, – აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციის ნაწილის განცხადებაში.
როგორც „ღია საზოგადოების ფონდის“ ხელმძღვანელმა ქეთი ხუციშვილმა აღნიშნა, გუშინდელმა ალტერნატიულმა დასკვნამ აჩვენა, რომ მიხეილ სააკაშვილს სჭირდება არა მხოლოდ სასწრაფო მკურნალობა, არამედ რეაბილიტაცია.
„ეს რეაბილიტაცია კი შეიძლება მოხერხდეს მხოლოდ დასავლეთში. სასწრაფოდ უნდა მოხდეს პრეზიდენტი გადაყვანა რომელიმე კარგ დასავლურ კლინიკაში. თუკი ასე არ მოხდა და არ ექნა რეაგირება ხელისუფლებას, ჩვენ აღვიქვამთ, რომ მართლაც პუტინის დავალების შესრულება ხდება, მართლაც პუტინის პატიმარია სააკაშვილი და შეიძლება, მიზანი იყოს მისი სიცოცხლის განადგურება“, – განაცხადა ხუციშვილმა.
ხელმომწერი ორგანიზაციები: საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF); საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC); საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); სასამართლოს გუშაგი ( Georgian Court Watch); პრევენცია პროგრესისთვის; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); პარტნიორობა ადამინის ულფებებისთვის (PHR); დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI); წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT); ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI); ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC); კავშირი საფარი; დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD); მედიის განვითარების ფონდი (MDF); მწვანე ალტერნატივა.