არასამთავრობო ორგანიზაცია „მომავალ ლიდერთა ჰაბის“ წევრებმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს და ერთობლივ გადაწყვეტილებას ხვალ გაასაჯაროებენ
არასამთავრობო ორგანიზაციამ, „მომავალ ლიდერთა ჰაბმა“ ორგანიზაციის წევრებთან შეხვედრა გამართა, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებს განხორციელებულ პროექტებსა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
ამასთან, შეხვედრაზე განიხილეს საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ეხება.
როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, კანონპროექტის გარშემო შექმნილი აზრთა სხვადასხვაობის გამო, მნიშვნელოვანია, საზოგადოებაში განხილვები დაიწყოს, რათა სწორი ინფორმაცია მივიდეს მოსახლეობამდე.
ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ, წევრებთან ერთად, საერთო ხედვა შეიმუშავა, რომლის შესახებაც საჯარო განცხადება ხვალ, 14:00 საათზე პარლამენტის წინ გაკეთდება.
„დღეს ჩვენი ორგანიზაციის შეხვედრა გაიმართა. განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი. საუბარი გვქონდა საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივას უკავშირდება. ვიმსჯელეთ და მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომელსაც ხვალ, 14:00 საათზე პარლამენტის შენობის წინ გაგაცნობთ. ვფიქრობთ, ამ თემასთან დაკავშირებით აუცილებელია საჯარო განხილვები, იქიდან გამომდინარე, რომ აზრთა სხვადასხვაობა არის საზოგადოების გარკვეულ ნაწილში და კითხვებიც გაჩნდა. ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი, პირიქით, მზაობასაც გამოვთქვამთ ჩვენი ფინანსური ნაწილის მიზნობრიობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. აღნიშნულმა კანონპროექტმა რადგან კითხვები გააჩინა, აუცილებელია, გაეცეს პასუხები. თითოეული ადამიანის აზრი უნდა იყოს გათვალისწინებული, ამიტომ უნდა მოეწყოს საჯარო განხილვები“, – განაცხადა „მომავალ ლიდერთა ჰაბის“ თავმჯდომარემ, ზუკა სამხარაძემ.