არასამთავრობო ორგანიზაცია „კიევპრაიდი“ ფესტივალის თარიღს არ ცვლის, მიუხედავად იმისა, რომ ის ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს ემთხვევა
ერთი კვირის წინ არასამთავრობო ორგანიზაციამ, „კიევპრაიდმა“ გამოაცხადა, რომ 23-24 ნოემბერს გამართავს საქველმოქმედო-საგანმანათლებლო ფესტივალს, სახელწოდებით „ქვიარპროპაგანდა ფესტი“. თარიღი ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს ემთხვევა, რომელიც ყოველწლიურად ნოემბრის მეოთხე შაბათს აღინიშნება.
როგორც „კიევპრაიდის“ „ინსტაგრამის“ პოსტშია აღნიშნული, საზოგადოების აღშფოთების მიუხედავად, ორგანიზატორები ღონისძიებას არც გააუქმებენ და არც გადადებენ.
„მადლობას ვუხდით ყველას, ვინც აზრი გამოთქვა და გვსურს, ვუპასუხოთ ყველაზე აქტუალურ კითხვებს. ფესტივალის ღონისძიებები ისე დავგეგმეთ, რომ ღირსშესანიშნავი თარიღები არ შეგვიმოწმებია. დღეს ამას არ გავაკეთებდით, მაგრამ 23-24 ნოემბრისთვის დაგეგმილი ფესტივალი, ხსოვნის ტრადიციისთვის პატივისცემით გამოხატვით, მაინც გაიმართება. დეტალურ განრიგს უახლოეს მომავალში გამოვაქვეყნებთ“, – აცხადებენ „კიევპრაიდის“ ორგანიზატორები.
მათივე თქმით, ფესტივალის ყველა მონაწილე წუთიერი დუმილით შეუერთდება გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად გამართულ კამპანიას – „აანთეთ მეხსიერების სანთელი“.
„ჩვენ ერთდროულად ვართ ლგბტქ+ საზოგადოების წარმომადგენლები და უკრაინელები – ორივე ეს იდენტობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია“, – აღნიშნავს „კიევპრიდი“.
არასამთავრობო ორგანიზაციამ განმარტა ფესტივალის სახელწოდებაც, რომელსაც ასევე აქტიურად აკრიტიკებენ.
„კიევპრაიდის“ განცხადებით, „ქვიარპროპაგანდა“ წარმოადგენს ირონიას იმასთან დაკავშირებით, რაც ლგბტქ+ ადამიანებს მუდმივად ესმით მათი იდენტობის შესახებ. ამით ორგანიზატორებს სურდათ, ეჩვენებინათ, რომ რომელიმე ორიენტაციის პროპაგანდის არ სჯერათ.
„ასევე გასათვალისწინებელია, რომ სიტყვა „პროპაგანდა“ აღიქმება, როგორც „რუსული ფსიქოლოგიური ოპერაციის“ (PSYOP) სინონიმი. დღესდღეობით ბევრი ნაცნობი სიტყვა ახალ მნიშვნელობას იძენს – ვწუხვართ, თუ ვინმეს ვაწყენინეთ! ბოდიშს გიხდით და ხაზს ვუსვამთ, რომ ფესტივალის ღონისძიებები მიზნად ისახავს მხოლოდ საღი აზრისა და კრიტიკული აზროვნების პოპულარიზაციას!“ – ნათქვამია „კიევპრაიდის“ შეტყობინებაში.