არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წარმომადგენლები ბათუმის ავტოსადგურში მდებარე მონუმენტიდან საბჭოთა სიმბოლიკის დემონტაჟს ითხოვენ
არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წარმომადგენლები ბათუმის ავტოსადგურში მდებარე მონუმენტიდან საბჭოთა სიმბოლიკის დემონტაჟს ითხოვენ

ბათუმის ავტოსადგურში მცირე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. სადგურში დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წარმომადგენლები ტერიტორიაზე მდებარე მონუმენტიდან საბჭოთა სიმბოლიკის, ნამგალისა და უროს ჩამოხსნის მიზნით მივიდნენ.

მათ ადგილზე კიბეც მიიტანეს, თუმცა სამართალდამცველებმა უსაფრთხოების დაცვის საკითხიდან გამომდინარე მონუმენტზე ასვლის საშუალება არ მისცეს.

„ეს სიმბოლიკა დგას უკანონოდ, ეს არის საბჭოთა სიმბოლო. დღეს არის სტალინის გარდაცვალების დღე, ჩვენ გვინდა, საქართველოს დროშა აღვმართოთ“, – განაცხადა ორგანიზაციის წევრმა, ხათუნა ბერიძემ.

ორგანიზაციის წევრებსა და ავტოსადგურის ერთ-ერთ მფლობელ ბადრი სოლომონიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა.

„ეს არის ჩემი ტერიტორია და ვერ ჩამოხსნით, რაში გიშლით, დადიხართ და ქულებს იწერთ“ – მიმართა ბადრი სოლომონიძემ „ალტერნატივას“ წარმომადგენლებს.

საბოლოოდ, ორგანიზაციის წევრებმა მონუმენტზე საქართველოს დროშა აღმართეს და შესაბამის ორგანოებს მოუწოდეს, საბჭოთა სიმბოლიკის დემონტაჟი განახორციელოს.