არარეგისტირებულმა თვითდასაქმებულებმა კომპენსაციის მისაღებად განაცხადი ელექტრონულად უნდა შეავსონ
თვითდასაქმებულებმა, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურში, კომპენსაციის მისაღებად ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადის ფორმა და შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინონ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს გამართულ პრეზენტაციაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, მაგალითად, ასეთი დოკუმენტი შეიძლება, იყოს გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული პირის მიერ გაცემული პირველადი საგადასახადო დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება შემოსავლის მიღების ფაქტი; ასევე საბანკო ამონაწერი; მუნიციპალიტეტის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პირზე გაცემული რამე საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა ან ლიცენზია და საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირის ეკონომიკური აქტივობა ან შემოსავალი.
„ბაზრობის დახლზე მოვაჭრე არარეგისტრირებული პირმა, შემოსავლის წყაროს დასადასტურებლად, შესაძლებელია, წარადგინოს ბაზრობის ორგანიზატორის მიერ გაცემული ცნობა იმის შესახებ, რომ აღნიშნული პირი 2020 წლის პირველ კვარტალში ვაჭრობდა მისი ბაზრობის ტერიტორიაზე. არარეგისტრირებულმა პირმა კი, რომელსაც დასახლებული პუნქტიდან მუნიციპალიტეტის ცენტრში ან დასახლებულ პუნქტებს შორის გადაჰყავდა მგზავრები, შესაძლებელია, წარადგინოს დამადასტურებელი ცნობა შესაბამისი მუნიციპალიტეტიდან. ასევე არარეგისტრირებული პირი, რომელსაც ბავშვები დაჰყავდა საჯარო სკოლაში, შესაძლებელია, წარადგინოს ავტოსადგურის ორგანიზატორისგან შესაბამისი ცნობა და მომსახურების გაწევის ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტი. არარეგისტრირებულმა პირმა, რომელიც დღიურად აქირავებდა საცხოვრებელ ფართებს ელექტრონული პორტალების მეშვეობით და არ უფიქსირდება სხვა შემოსავალი, შესაძლებელია, წარადგინოს საბანკო ამონაწერი, სადაც გამოჩნდება შესაბამისი კომპანიიდან შემოსავალი, როგორიც არის airbnb.com, booking.com და ა.შ. ასევე არარეგისტრირებულმა პირმა, რომელიც ამზადებდა სუვენირებს და აბარებდა მაღაზიებში ან მოქალაქემ, რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქტს აბარებდა საცხობს ან რესტორანს, შეუძლია, წარადგინოს შესაბამისი პირველადი საგადასახადო დოკუმენტი, რის მიხედვითაც ხდებოდა ანგარიშსწორება, ეს არის შესყიდვის ან მიღება-ჩაბარების აქტი“, – აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის თქმით, 300 ლარიანი კომპენსაციის მიღების მიზნით, თვითდასაქმებულებმა არაუგვიანეს პირველი ივლისისა, ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე უნდა წარადგინონ შესაბამისი მოთხოვნა, მიუთითონ სახელი, გვარი და პირადი ნომერი; საკონტაქტო მონაცემები; საბანკო რეკვიზიტები; ინფორმაცია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე მისი შემოსავლის წყაროს შესახებ და შემოსავლის წყაროს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი.
ლაშა ხუციშვილის ინფორმაციით, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო სამუშაო ჯგუფთან ერთად განიხილავს წარდგენილ ელექტრონულ განაცხადებს და ორი კვირის ვადაში გადაწყვეტილების მისაღებად სიას წარუდგენს ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანებით შექმნილ უწყებათაშორის კომისიას. კომისიის გადაწყვეტილებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, სააგენტო განმცხადებლისთვის კომპენსაციის თანხის ჩარიცხვას უზრუნველყოფს.