სომხეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა მართლაც სწრაფად ვითარდება ყველა მიმართულებით. საბაჟო სექტორში ჩვენი თანამშრომლობის გაფართოებით შეგვიძლია, მივაღწიოთ ახალ, მნიშვნელოვან შედეგებს, ხელი შევუწყოთ ბიზნესს და ადამიანებს შორის კონტაქტების გაღრმავებას, – ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მირზოიანის განცხადებით, ასევე აღსანიშნავია სომხეთ-საქართველოს შორის საპარლამენტთაშორისო კავშირები.
„როგორც ყოველთვის, ამჯერადაც დიდი სიამოვნებით ვიმყოფები თბილისში. რა თქმა უნდა, ეს წელი ინტენსიური ურთიერთობებით გამოირჩევა და ჩვენ მაღალი დონის აქტიური კონტაქტები შევინარჩუნეთ პოლიტიკური დიალოგის თვალსაზრისით. წლის დასაწყისში თბილისში გაიმართა სომხეთ-საქართველოს მთავრობათაშორისი კომისიის მეცამეტე სხდომა, ხოლო მარტში სომხეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩამოვიდა. ასევე, აქტიური იყო საპარლამენტთაშორისო კავშირები, რასაც თავისი წვლილი აქვს საერთო სურათსა და განვითარებაში. სომხეთ-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის თვალსაზრისით, ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები სხვა ელემენტებით არის შევსებული, რაც ძალიან კარგია და დინამიკა ჩნდება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში. სომხეთის და საქართველოს შორის თანამშრომლობა მართლაც სწრაფად ვითარდება ყველა მიმართულებით, იქნება ეს ეკონომიკა თუ უსაფრთხოება, განათლებით და კულტურით დაწყებული და ტურიზმით და ხალხთა შორის კონტაქტებით დამთავრებული. ურთიერთვაჭრობაში მნიშვნელოვანი პროგრესია და საბაჟო სექტორში ჩვენი თანამშრომლობის გაფართოებით შეგვიძლია, მივაღწიოთ ახალ, მნიშვნელოვან შედეგებს, ხელი შევუწყოთ ბიზნესსა და ადამიანებს შორის კონტაქტების გაღრმავებას“, – განაცხადა მირზოიანმა.
სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, სომხეთმა და საქართველომ უმაღლეს დონეზე დააფიქსირეს, რომ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს აღიარებენ და პატივს სცემენ.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ჩამოყალიბდა მკაფიო ურთიერთგაგება, რათა სომხეთსა და საქართველოს შორის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესი მეგობრულად გაგრძელდეს და დასრულდეს. მინდა, ასევე აღვნიშნო, რომ მიმდინარე გეოპოლიტიკურ და რეგიონულ მოვლენებში, რომლებიც ძალიან სწრაფად ვითარდება, ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთმოქმედება ასევე საერთაშორისო პლატფორმებზე. დღეს ჩვენ ასევე გვქონდა შესაძლებლობაა, სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება და ყველა მოვლენა განგვეხილა, ისევე როგორც მიმოგვეხილა სომხეთის და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები. სომხეთმა ენთუზიაზმით მიიღო საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ამბავი, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების კონტექსტში, არამედ რეგიონული მოვლენების კონტექსტშიც. მინდა, გითხრათ, რომ სომხეთის რესპუბლიკას ასევე აქვს ურთიერთობა ევროკავშირთან, ახალი დღის წესრიგის ფორმირება, ჩვენი ხედვებისა და პერსპექტივების. ამ ურთიერთობის კონტექსტში გვაქვს ისეთი მიმართულებები, რომლებიც მანამდე არ იყო აღმოჩენილი“, – განაცხადა მინისტრმა.
ასევე, არარატ მირზოიანის განცხადებით, სომხეთი მზად არის, თურქეთთან სრულად დაარეგულიროს ურთიერთობები და ასევე დიპლომატიური ურთიერთობები დაამყაროს.
„ამ ხედვასთან დაკავშირებით ჩვენ ასევე გვაქვს შეთანხმებები და წინ მივდივართ. ჯანსაღი დიალოგი გვაქვს თურქეთთან და ვიცით, რომ დიდი ხანია, დრო არის ამის განხორციელების. აზერბაიჯანთან ურთიერთობების დარეგულირებასთან დაკავშირებით, მადლობა, ვაფასებთ თქვენს პოზიციას დელიმიტაციის პროცესთან დაკავშირებით სომხეთ-აზერბაიჯანს შორის. ამასთან ერთად, როგორც გითხარით, ბატონო მინისტრო, არის სამშვიდობო ხელშეკრულება, რის მიმართაც პოზიტიურად არის განწყობილი სომხეთი და ეს არის ძალიან გამჭვირვალე პროცესი. მე ასევე განცხადება გავაკეთე, რომ, ერთი თვის განმავლობაში ინტენსიური მუშაობის შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია, დავასრულოთ ეს პროცესი და აზერბაიჯანთან უკვე ხელი მოვაწეროთ ამ მნიშვნელოვან შეთანხმებას. ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის ისტორიული მოვლენა იმისთვის, რომ განგრძობითი მშვიდობა შენარჩუნდეს და დამკვიდრდეს ჩვენს რეგიონში. მინდა, ასევე რეგიონში სტაბილურობის განვითარებისა და უზრუნველყოფის კუთხით განვიხილო ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების სრული განბლოკვის მნიშვნელობა. ჩვენ კონსტრუქციულად ვართ განწყობილი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტო კომუნიკაციების სრული განბლოკვის მიმართ. ეს ეკონომიკურად ხელს შეუწყობს არა მხოლოდ სომხეთს, არამედ რეგიონის დიდი ქვეყნებსაც და ვფიქრობთ, განბლოკვა უფრო მეტ მშვიდობას მოუტანს რეგიონს. სწორედ ამ მიზნით წარვადგინეთ პროექტი „მშვიდობის გზაჯვარედინი“, რომელიც პრემიერ-მინისტრმა პირველად სწორედ თბილისში წარადგინა“, – განაცხადა მირზოიანმა.
ამასთან, არარატ მირზოიანმა ქართველი კოლეგა სომხეთში მიიწვია.
„მინდა, ბატონო მინისტრო, ჩემო მეგობარო, ურთიერთთანამშრომლობისთვის დიდი მადლობა გადაგიხადოთ და თქვენთვის ხელსაყრელ ნებისმიერ დროს ერევანში ვიზიტით მოგიწვიოთ“, – განაცხადა არარატ მირზოიანმა.