არაპირდაპირი განზრახვით მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
არაპირდაპირი განზრახვით მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის სხდომა ხვალ, დისტანციურ რეჟიმში წარიმართება. პროცესი 13:00 საათზე დაიწყება.
იოსებ გაბრიაძეს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინეს. თავდაპირველად გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე დაიწყო, მოგვიანებით კი მოხდა ბრალის გადაკვალიფიცირება, რასაც გაბრიაძის ადვოკატები არ ეთანხმებიან.
გამოძიების ინფორმაციით, 2020 წლის 19 აპრილს, ს.გ. იმყოფებოდა ვაჟა-ფშაველას გამზირზე, თავის საცხოვრებელ ბინაში, დაახლოებით 21:00 საათზე, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი ს.გ. გავიდა საცხოვრებელი ბინის აივანზე და როდესაც ქვეყანაში გამოცხადებული იყო საგანგებო მდგომარეობა და მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იმყოფებოდა საცხოვრებელ სახლებში, თავისი კუთვნილი ,,ვიკინგის“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა რამდენიმე გასროლა საცხოვრებელი კორპუსების მიმართულებით. შედეგად, ს.გ.-ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ერთ-ერთი ტყვია თავის არეში მოხვდა საკუთარ საცხოვრებელ ბინაში მყოფ- თ.ა.-ს, რომელიც მიღებული ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.
ადვოკატების ინფორმაციით, ბრალდებული გასროლის ფაქტს აღიარებს.