თანხების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით, პოლონეთში მთავრობის ყოფილი წევრების, მათ შორის იუსტიციის ყოფილი მინისტრის, სახლები გაჩხრიკეს
თანხების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით, პოლონეთში მთავრობის ყოფილი წევრების, მათ შორის იუსტიციის ყოფილი მინისტრის, სახლები გაჩხრიკეს

პოლონეთში მთავრობის ყოფილი წევრების, მათ შორის იუსტიციის ყოფილი მინისტრის, სახლები გაჩხრიკეს. როგორც „პოლიტიკო“ წერს, საქმე ეხება სპეციალური ფონდებიდან თანხების არამიზნობრივ ხარჯვას. ამ ეტაპზე სამართალდამცველებმა ოთხი პირი დააკავეს.

გამომძიებლები პოლონეთის იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზბიგნიევ ზიობროს სახლში მაშინ მივიდნენ, როდესაც ყოფილი მაღალჩინოსანი შინ არ იმყოფებოდა. ასევე, ჩხრეკა ჩატარდა იუსტიციის სამინისტროს სხვა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირთა რეზიდენციებშიც.

გამოძიება ვარაუდობს, რომ პოლონეთის ყოფილი მთავრობა პოლიტიკური მიზნებით ხარჯავდა თანხას დანაშაულის მსხვერპლთა მხარდაჭერის სპეციალური ფონდიდან, რომლის მოცულობაც 66 მილიონი ევრო იყო.

„პოლიტიკოს“ ცნობით, არსებობს ეჭვი, რომ იაროსლავ კაჩინსკის მთავრობის წევრებმა ამ ფონდიდან გამოყოფილი თანხები გამოიყენეს ჯაშუშური პროგრამის შესაძენად, რომლის მეშვეობითაც ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ფარულად უთვალთვალებდნენ.

ამ ბრალდებას პოლონეთის პარლამენტში შექმნილი სპეციალური საგამოძიებო კომისია იძიებს.

ქვეყნის პროკურატურაში კი აცხადებენ, რომ უკვე შეგროვებული მტკიცებულებები სერიოზულ კრიმინალურ დარღვევებზე მიუთითებს.

პოლონეთის მთავრობის ყოფილი წევრები აცხადებენ, რომ მიმდინარე გამოძიება წარმოადგენს პოლიტიკურ დევნას, რომელსაც დონალდ ტუსკის მთავრობა ხელისუფლების ყოფილი წევრების წინააღმდეგ აწარმოებს.

მომხდარს გამოეხმაურა პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი. მისი თქმით, ტუსკის მთავრობა წინასაარჩევნოდ გაცემული ცრუ დაპირებების პოლიტიკური შურისძიებით გადაფარვას ცდილობს.

პოლონეთის იუსტიციის ყოფილი მინისტრის ახლო მოკავშირეები აცხადებენ, რომ ჩხრეკის დროს პოლიციელებმა სახლში შუშები ჩაამსხვრიეს და ნივთები დააზიანეს.