არაბული მედიის ცნობით, ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად გასული დღის განმავლობაში ღაზის სექტორში 64 ადამიანი დაიღუპა, ლიბანში კი - 28
ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად გასული დღის განმავლობაში ღაზის სექტორში 64 ადამიანი დაიღუპა, ლიბანში კი – 28. ინფორმაციას ამის შესახებ არაბული მედია ავრცელებს.
ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ღაზის სექტორში ისრაელის საავიაციო და საარტილერიო დაბომბვის სამიზნე გახდა ქალაქი ღაზა, დეირ ელ-ბალაჰი, ბეით ლაჰია, ხან იუნისი, ნუსეირათის ლტოლვილთა ბანაკი და ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკი.
გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის ჯარები ჩრდილოეთ ღაზის თავშესაფრებს გაერო-ს დახმარების მიწოდების შემდეგ დაესხნენ თავს. გაერო-ს ჰუმანიტარული სააგენტო (OCHA) აცხადებს, რომ ისრაელმა უარყო ან შეაფერხა ყველა მისი მცდელობა, მიეწოდებინა საკვები და ჯანდაცვის საშუალებები ალყაში მოქცეულ ჩრდილოეთ ღაზაში მყოფი ათიათასობით ადამიანისთვის.
მედიის ცნობით, ისრაელის არმიის არტილერიამ დაბომბა სამხრეთ ლიბანის ქალაქები შამაა და ზიბქინი. ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა ასევე განახორციელეს რეიდი ქალაქ მაჯდალ ზონსა და ქალაქ ყალილაზე სამხრეთ ლიბანის ტვიროსის რაიონში. ისრაელის სამხედრო ავიაციამ იერიში მიიტანა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზეც.