არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაამტკიცეს საკანონმდებლო შესწორებები, რომლებიც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისთვის მოქალაქეობის მინიჭებას ითვალისწინებს
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაამტკიცეს საკანონმდებლო შესწორებები, რომლებიც მოქალაქეობის მინიჭებას ითვალისწინებს ინვესტორებისთვის, ასევე სხვადახვა სფეროს პროფესიონალებისთვის, მათ შორის მეცნიერებისთვის, ექიმებისთვის და მათი ოჯახებისთვის.
როგორც დუბაის მმართველმა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტმა შეიხ მუჰამედ ბინ რაშიდ ალმაქტუმმა განაცხადა, თითოეული კატეგორიის პირებისთვის შემუშავებული იქნება შესაბამისი კრიტერიუმები, რომელთა მიხედვით მოხდება მოქალაქეობის მინიჭება.
როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, ჯერ უცნობია, შეძლებენ თუ არა პასპორტების ახალი მფლობელები არაბთა გაერთიანებული საამიროებში არსებული სოციალური უზრუნველყოფის სისტემით სარგებლობას. სამეფო ყოველწიურად მილიარდობით დოლარს ხარჯავს უფასო განათლებაზე, ჯანდაცვაზე, საცხოვრებლისთვის გათვალისწინებულ სესხებსა და გრანტებზე.
გასულ წელს არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა გაახანგრძლივა ე.წ. ოქროს ვიზების სისტემა, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფოში 10 წლით ბინადრობის უფლებას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისთვის.