არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ბაზრების სიაში მოხვდა
არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ბაზრების ჩამონათვალში შევიდა.
„საქსტატის“ ცნობით, ამ ქვეყანაში მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში 40.145 მლნ დოლარის პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა. წლიურ ჭრილში ზრდა 166.6 პროცენტს შეადგენს.
„საქსტატის“ ინფორმაციით, საქართველოდან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გადის მსუბუქი ავტომობილები, დაუმუშავებელი ან ნახევრად დამუშავებული ოქრო, სქემები ელექტრონული ინტეგრალური და მიკროანაწყობები, ცხვრის ხორცი, ძვირფასი ლითონების საათები, სპირტიანი სასმელები, სიგარეტები და სიგარელები, სამკურნალო საშუალებები და მობილური ტელეფონები, ასევე საჰაერო ან აირის კომპრესორები და ვენტილატორები.
2019 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 72.9 პროცენტი შეადგინა.
უმსხვილესი საექსპორტო სამეულია: რუსეთი (218.7 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (168.8 მლნ. აშშ დოლარი) და ბულგარეთი (119.1 მლნ. აშშ დოლარი).
ტოპათეულში ასევე არიან: სომხეთი (116.6 მლნ), უკრაინა (109.1 მლნ), თურქეთი (106.17 მლნ), რუმინეთი (94,4 მლნ), ჩინეთი (49.25 მლნ), აშშ (47.55 მლნ), არაბთა გაერთიანებული საამიროები (40.14 მლნ).